ფრანგული მედია - პსჟ ხუთი წელი ფეხბურთელებს რასობრივი ნიშნით არჩევდა
ფრანგულმა ინტერნეტ-გამოცემა Mediapart-მა სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა. მისმა ჟურნალისტებმა შეისწავლეს Football Leaks-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები და „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ სერიოზული კომპრომატი ამოქექეს. როგორც ირკვევა, 2013-18 წლების პერიოდში, „პარი სენ-ჟერმენის“ ახალგაზრდულ აკადემიებში აუცილებელი წესით უთითებდნენ კლუბის პოტენციური ახალბედას რასას.
„პსჟ-ში არ სურდათ განეხილათ ფეხბურთელები აფრიკიდან, რადგან ვერასოდეს მიხვდები, სინამდვილეში რამდენი წლისანი არიან ისინი,“- განაცხადა ერთ-ერთმა სკაუტმა, რომელიც პარიზელებთან 2014 წელს მუშაობდა.
საინტერესოა, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერმა არ უარყო Football Leaks-ის ინფორმაცია.
„კლუბი ეთანხმება ბრალდებას 2013-18 წლების პერიოდში ახალგაზრდულ შემადგენლობებში ფეხბურთელების შერჩევის მეთოდების შესახებ. და გმობს ამგვარ მეთოდებს. პსჟ ხაზს უსვამს, რომ გმობს დისკრიმინაციის ნებისმიერ ფორმას, მათ შორის, რასობრივს. ფეხბურთელების არალეგალური შერჩევის მეთოდებს, კერძოდ, მათ პროფაილებში ეთნიკური კუთვნილების მონიტორინგს მართლაც ჰქონდა ადგილი აღნიშნულ წლებში და ამას პსჟ-ის სკაუტები იყენებდნენ. მაგრამ ეს ხდებოდა საფეხბურთო ცენტრში, რომელიც საფრანგეთის ფარგლებს გარეთ მდებარეობს. მთლიანად ბრალი სწორედ ეკისრებაამ ცენტრის ხელმძღვანელობას ეკისრება. პსჟ-მ ეს 2016 წლის ოქტომბერში გაარკვია, როცა საკუთარი გამოძიება წამოიწყო,“ – წერია ოფიციალურ განცხადებაში.