ფოთში მომხდარ ფაქტზე პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა
ფოთში მომხდარ ფაქტზე პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ფოთში მომხდარ ფაქტზე დაკავებულ პოლიციელს, ჭაბუკა ლემონჯავას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების გამოყენების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა მოსამართლე ნატრული აკობიამ სრულად დააკმაყოფილა. დაცვის მხარემ სასამართლოს გირაოს სახით უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი 20 ათასი ლარი შესთავაზა, თუმცა მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.

ფოთში დაკავებულ პოლიციელს ბრალი გუშინ წარუდგინეს. საქმე გადაკვალიფიცირდა, თუმცა არა იმ მუხლით, რომელსაც დაცვის მხარე ითხოვდა. სამართალდამცველს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით ედება, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის ზომად ითვალისწინებს შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფოთში ჩასარიცხი აპარატის გაქურდვის მცდელობისას დაუდგენელი პირი სამართალდამცველს თავს დაესხა და ბლაგვი საგნით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდამცველმა სამსახურებრივი იარაღიდან მოახდინა გასროლა, რის შედეგადაც დასაკავებელი პირი დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.