ფოტოინტერვიუ | ზაზა ფაჩულია საქართველოს ნაკრების პირველ ევრობასკეტს იხსენებს #1TVSPORT
2024 წელს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩაერთვება და შეეცდება, ზედიზედ მეექვსედ მოიპოვოს ევრობასკეტზე თამაშის უფლება. „ჯვაროსნებმა“ ევროპის ჩემპიონატზე პირველად 12 წლის წინ იასპარეზეს.
როგორი იყო პირველი ევრობასკეტი საქართველოს ნაკრებისთვის?
მოდით, ნაკრების მაშინდელ კაპიტან ზაზა ფაჩულიასთან ერთად ფოტოების თვალის გადავლებით გავიხსენოთ ლიეტუვაში გამართული ევრობასკეტი 2011.
თავადაც დარწმუნდებით, რომ მოკლე კომენტარებითაც შეიძლება სრული სურათის მიღება.
„ევროპის ჩემპიონატის წინ ბოლო საკონტროლო შეხვედრა ლიეტუვაში მასპინძლებთან ჩავატარეთ. მცირე სხვაობით დავმარცხდით (80:88). ეს ის მომენტია, რობერტას იავტოკასმა თორნიკე შენგელიას წინააღმდეგ რომ იუხეშა. თოკო უხერხულად დაეცა და წამოდგომა გაუჭირდა. იავტოკასს საკადრისი პასუხი გავეცი, რაც ფოტოგრაფებს არ გამოპარვიათ“.
„2010 წელს შესარჩევ მატჩში თბილისში ბელგიასთან 23 ქულის სხვაობით წავაგეთ. 2011-ში კი, ევრობასკეტის გახსნის შეხვედრში ღირსეული რევანში ავიღეთ. ამ ფოტოზე დიდიე მბენგას ვეთამაშები. იგი წლების განმავლობაში NBA-ში გამოდიოდა. არაერთხელ მითქვამს, რომ ევროპაში იმ კალათბურთელების წინააღმდეგ გამოსვლა, რომლებსაც NBA-ს გამოცდილება აქვთ, ჩემთვის სასიამოვნოც იყო და დამატებითი სტიმულიც“.
„ანდრეი კირილენკოსთან მეგობრობა მაკავშირებს. როცა, ამერიკაში მის გუნდს ვსტუმრობდით, ყოველი მატჩის შემდეგ მეპატიჟებოდა. როცა ის ჩამოდიოდა ატლანტაში, მასპინძელი მე ვიყავი. კირილენკო დადებითი პიროვნებაა და ევროპის ჩემპიონატზე მის წინააღმდეგ თამაშიც საინტერესო იყო. დასანანია, რომ რუსეთის დამარცხება ვერ შევძელით, ცოტა დაგვაკლდა“.
„ ბევრი არ ელოდა, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი შეხვედრა უკრაინასთან ჩაატარა. მახსოვს, ამ შეხვედრაში ქულა-მოხსნა უხვად არ მქონია, მაგრამ ბევრი ვიშრომეთ და სწორედ ამ გამარჯვებით გავედით მეორე ეტაპზე“.
„ მატჩის დასაწყისში კუნთი კი მტკიოდა, მაგრამ შევიხვიე და მეგონა პრობლემა არ შემექმნებოდა. თუმცა თამაშის მსვლელობისას ვიგრძენი, რომ რაღაც ჩაწყდა. მოედნიდან გავედი, მაგრამ ბოლო მეოთხედში, გუნდს დახმარება რომ დასჭირდა, მწვრთნელს ვუთხარი – იქნებ შევძლო-მეთქი. გამოვედი, მაგრამ ტკივილმა იმატა და სათადარიგოთა სკამზე დავბრუნდი. კუნთის მყესი ორგან იყო გაწყვეტილი. დაახლოებით ერთი თვე დავისვენე. არადა, რა ჯგუფი შეგვხვდა მეორე ეტაპზე – ფინეთთან და მაკედონიასთან ძველი ანგარიში მქონდა!“
„ ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში უკრაინა და ბელგია შეხვდნენ. კლაიპედას დარბაზის ლოჟიდან საქართველოს ნაკრების წევრებთან ერთად ვადევნებდი თვალს. უკრაინელებს ვქომაგობდით, რადგან თუ ისინი გაიმარჯვებდნენ, მომდევნო ეტაპზე ჩვენ გავიდოდით, ხოლო ბელგიელების წარმატების შემთხვევაში გზას ბულგარეთი განაგრძობდა. უკრაინელებმა ივაჟკაცეს და მატჩის ბედი მეოთხე პერიოდამდე გადაწყვიტეს. ლოჟაში, ჩვენს ქვემოთ ბულგარეთის ნაკრების კალათბურთელები ისხდნენ და ბელგიას გულშემატკივრობდნენ… მათ მეოთხე ათწუთეულის დასაწყისშივე დატოვეს ლოჟა“.
„ ეს ფოტო 2011 წლის ევრობასკეტის ბოლო მატჩის (საქართველო-საბერძნეთი 60:73) საპრესკონფერენციო დარბაზის კართანაა გადაღებული. მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა პრესკონფერენციაზე გიორგი შერმადინი იახლა. მისი ინგლისურის შესახებ ლეგენდები დადიოდა, მაინტერესებდა, ჟურნალისტებთან როგორ ილაპარაკებდა და შანსი ხელიდან არ გავუშვი“.