ფოტოგრაფების საქმეზე გამართლებულები მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავენ
ფოტოგრაფების საქმეზე გამართლებულები მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავენ

2011 წლის 26 მაისის მოვლენების გაშუქებასთან დაკავშირებით ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე დაკავებულები – ირაკლი გედენიძე, ნათია გედენიძე, ზურაბ ქურციკიძე და გიორგი აბდალაძე უკანონო მსჯავრდებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო, მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართავენ.

როგორც მათი ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი აცხადებს, მას შემდეგ, რაც „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში პროკურატურამ თავად მიმართა სასამართლოს და მოითხოვა 2011 წლის 22 ივნისის განაჩენის გაუქმება, აღნიშნულ საქმეზე უკანონოდ დაკავებულ პირებს გაუჩნდათ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული კანონიერი უფლება მოითხოვონ სახელმწიფოსაგან უკანონო პატიმრობის და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

„რა თქმა უნდა, ძალიან სწორი ნაბიჯი იყო პროკურატურის მხრიდან, როდესაც თავად მიმართეს 2016 წელს სასამართლოს და მოითხოვეს 2011 წლის 22 ივნისის სამარცხვინო განაჩენის გაუქმება. სააპელაციო სასამართლომ სრულიად გაიზიარა პროკურატურის ეს მოთხოვნა და 2018 წლის 22 ნოემბერს ზურაბ ქურციკიძის, გიორგი აბდალაძის, ირაკლი გედენიძის და ნათია გედენიძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. ეს, ცხადია, იყო სამართლიანობის აღდგენის ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირებისათვის. გავიხსენოთ, როგორი ბინძური კამპანია წარმოებდა მათ მიმართ, რაშიც ჩართული იყო იმჟამინდელი ხელისუფლების პრაქტიკულად ყველა უმაღლესი რგოლი. ამ ადამიანებს ეძახდნენ ჯაშუშებს, ქვეყნის მოღალატეებს, რუსეთის აგენტებს. თუმცა, რეალურად, ისინი დაისაჯნენ მხოლოდ იმისთვის, რომ შეასრულეს პროფესიული ვალდებულება და ადგილობრივ თუ საერთაშორისო საზოგადოებას 26 მაისის სასტიკი დარბევის კადრები მიაწოდეს. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ უკანონო განაჩენის გაუქმება არ არის და ყველა საერთაშორისო სტანდარტი ასეთ შემთხვევაში უკანონო მსჯავრდების მსხვერპლთა მიმართ, მორალური და მატერიალური კომპენსაციის გადახდას ითვალისწინებს“, – განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.

ადვოკატის განცხადებით, სახელმწიფო ვალდებულია, სრულად გაიზიაროს უკანონო მსჯავრდების მსხვერპლთა მიმართ დადგენილი საერთაშორისო სტანდარტი და არ შემოიფარგლოს მხოლოდ განაჩენის გაუქმებით. ამირან გიგუაშვილის შეფასებით, ეს მნიშვნელოვანია ხელისუფლებების მემკვიდრეობითობის პრინციპის გააზრებისთვის.

„ყველა ხელისუფლება ვალდებულია, კანონიერი გზებით და საერთაშორისო სტანდარტებით იკისროს პასუხისმგებლობა წინა ხელისუფლების შეცდომებისა და დანაშაულებისათვის. მხოლოდ ასეთი მიდგომებით შეიძლება ნამდვილი სამართლიანობის დამკვიდრება და მართლმსაჯულების განვითარება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ამ საქმეზე ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამს და ბოლომდე მიიყვანს ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე დაწყებული სამართლიანობის აღდგენას“, – აცხადებს ამირან გიგუაშვილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ჯაშუშობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და ფოტორეპორტიორები სრულად გაამართლა. სააპელაციო სასამართლო 2011 წლის საქალაქო სასამართლოს განაჩენს განიხილავდა, რომლის მიხედვით, ფოტორეპორტიორები ირაკლი და ნათია გედენიძეები, ზურაბ ქურციკიძე და გია აბდალაძე ჯაშუშობის ბრალდებით, დამნაშავედ ცნეს.