ფლორენტინო პერესი - გვჯერა, რომ ევროპის სუპერლიგას ფეხბურთის გადარჩენა შეუძლია #1TVSPORT 
ფლორენტინო პერესი - გვჯერა, რომ ევროპის სუპერლიგას ფეხბურთის გადარჩენა შეუძლია #1TVSPORT 

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ევროპის სუპერლიგის დაარსების შესახებ El Chiringuito-სთან ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ სამეფო კლუბის მმართველი ამ ახალი ტურნირის პრეზიდენტადაც ითვლება, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

„უეფა-ს ახალი ფორმატის მე არ მესმის და ამას ფეხბურთის გადასარჩენად დამატებითი შემოსავალი არ მოაქვს. როდესაც ვიძახი ფეხბურთის გადარჩენას, მე ყველაფრის გადარჩენას ვგულისხმობ, რადგან შემდეგი 20 წლის განმავლობაში ჩვენ მშვიდად ვიცხოვროთ. სიტუაცია მეტად დრამატულია და ჩვენ გვჯერა, რომ ამ ტურნირს ფეხბურთის შველა შეუძლია, ისე როგორც ევროპის თასმა გადაარჩინა ფეხბურთი 50-იან წლებში“, – აღნიშნა პერესმა.

სუპერლიგის საჭიროების ასახსნელად მან ტოპ-ჩემპიონატების კლუბების შემოსავალზე გაამახვილა ყურადღება.

„ესპანეთის, ინგლისის და იტალიის ტოპ-კლუბებს გამოსავალი უნდა ეპოვათ იმ სიტუაციიდან, რა სიტუაციაშიც ისინი აღმოჩნდნენ. ევროპული კლუბების ასოციაცია აღნიშნავს, რომ მათ 5 მილიარდი ევრო დაკარგეს. მადრიდის „რეალმა“ კი 2 სეზონში 400 მილიონი ევრო იზარალა. როცა შემოსავალს, მხოლოდ ტრანსლაციებიდან მიღებული თანხით ღებულობ, საუკეთესო გზა მის გასაზრდელად არის ის რომ, უფრო მეტი სანახაობრივი მატჩი ჩაატარო, რომ გულშემატკივრებს შენი ყურება უნდოდეთ. შესაბამისად, ჩვენ ვიფიქრეთ, რომ უკეთესი იქნებოდა ჩემპიონთა ლიგის ნაცვლად გაგვეკეთებინა სუპერლიგა და ჩვენ შევძლებდით დაკარგული თანხის ანაზღაურებას“, – საუბრობს „რეალის“ პრეზიდენტი El Chiringuito-სთან.

პერესი აღნიშნავს, რომ მათ ახალი ტურნირის დაწყება, რაც შეიძლება მალე სურთ.

„ჩვენ შევეცდებით, რომ დავიწყოთ რაც შეიძლება მალე. ვისაუბრებთ უეფა-სთან და ფიფა-სთან, ვერ ვხვდები რატომ შეიძლება ისინი გაბრაზდნენ“.

უეფა-ს პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ის ფეხბურთელები, რომლებიც სუპერლიგაში მიიღებენ მონაწილეობას მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე თამაში აეკრძალებათ, პერესმა ამაზეც ისაუბრა.

„ფეხბურთელებს შეუძლიათ იყონ წყნარად, რადგან ეს საფრთხე არ ემუქრებათ.“