ფლიკს გერმანიის ნაკრებში ორი მატჩი მისცეს - ის შეიძლება ნაგელსმანმა ან გლასნერმა შეცვალონ #1TVSPORT
ჰანს-დიტერ ფლიკმა, შესაძლოა, შემოდგომაზე დატოვოს გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი.
როგორც გაზეთი Bild-ი წერს, გერმანიის საფეხბურთო კავშირში განიხილეს გუნდის შედეგები 58 წლის სპეციალისტის მუშაობისას. ბოლო ოთხ მატჩში გერმანიის ნაკრებს არცერთი მოგება არ აქვს, გუნდის მისამართით ისმის კრიტიკა ექსპერიმენტებისა და გაუგებარი შემადგენლობის გამო.
გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა, ბერნდ ნოიენდორფმა გადაწყვიტა, მწვრთნელს კიდევ ორი მატჩი მისცეს – სექტემბერში იაპონიასთან და საფრანგეთთან. ამ დროის განმავლობაში ფლიკმა უნდა დაამტკიცოს, რომ შეუძლია შეკრიბოს კონკურენტუნარიანი გუნდი ევრო 2024-სთვის.
გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფლიკის სავარაუდო შემცვლელებად სახელდებიან იულიან ნაგელსმანი, ოლივერ გლასნერი, შტეფან კუნტცი და რუდი ფიოლერი, რომელიც დღეს გერმანიის ნაკრების მენეჯერია.