„ფლაიდუბაის“ თვითმფრინავის მგზავრები საუდის არაბეთიდან ისრაელში ჩავიდნენ
„ფლაიდუბაის“ თვითმფრინავის მგზავრები ისრაელში ჩავიდნენ. ისრაელში მგზავრების გადაყვანა საუდის არაბეთიდან მას შემდეგ მოხდა, რაც პილოტებს შორის ჩხუბის გამო თვითმფრინავი ტაბუის აეროპორტში დაეშვა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მომხდარს „უსაფრთხოებასთან დაკავშირებული უაღრესად სერიოზული ინციდენტი“ უწოდა.
მისი თქმით, საუდის არაბეთის ხელისუფლება დაკითხავს დუბაი – თელ-ავივის რეისის მეორე პილოტს, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ომანის მოქალაქეა.
ავიაკომპანია „ფლაიდუბაის“ განცხადებით, ინციდენტის ნამდვილი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.
ისრაელის სატრანსპორტო სამინისტროში განმარტავენ, რომ ინციდენტს თავდაცვის უწყებებთან ერთად გამოიძიებს.
ისრაელში ჩასვლის შემდეგ დაშავებული მგზავრები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, პილოტებს შორის დაპირისპირების გამო, დუბაი-თელ ავივის რეისი საუდის არაბეთში დაჯდა. ინციდენტისას თვითმფრინავმა „უკანონო ჩარევისა“ და საგანგებო მდგომარეობის შესახებ სიგნალები გაგზავნა. მომხდარის შემდეგ თვითმფრინავი ტაბუის აეროპორტში დაეშვა. ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელში სულ უფრო მეტად განიხილავენ ვერსიას, რომ „ფლაიდუბაის“ რეისზე საგანგებო შემთხვევა ტერორისტული თავდასხმის მცდელობა იყო.