ფინალში რისტევსკიც იქნება - მას კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი დაუფიქსირდა
„ევრო2020“-ის პლეიოფის ფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდისთვის კარგი ამბავი გახდა ცნობილი – ეროვნული გუნდის ბანაკს კრსტე (კირე) რისტევსკი დაუბრუნდა.
საქართველოსთან ისტორიულ მატჩამდე, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებისა და უნგრული „უიპეშტის“ ცენტრალურ მცველს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის საქართველოს ნაკრების კანდიდატ გიორგი ბერიძის თანაგუნდელია – „უიპეშტმა“ უნგრეთის ჩემპიონატის მე-8 ტურის შეხვედრა მოულოდნელად, საკუთარ მოედანზე მტკ-სთან 0:4 წააგო.
როგორც მატჩის შემდეგ გახდა ცნობილი, მასპინძელთა განაცხადში არც კირე რისტევსკი იყო და არც გიორგი ბერიძე. „უიპეშტის“ მოთამაშეთა დიდმა ნაწილმა მატჩი კორონავირუსის დადასტურების გამო გამოტოვa.
თუმცა, 30 წლის გამოცდილმა ცენტრალურმა მცველმა ხელახალი ტესტი 9 ნოემბერს გაიკეთა და უარყოფითი შედეგი დაუფიქსირდა. ამის შემდეგ ის ნაკრებს შეკრებაზე შეუერთდა.