ფილიპინების აეროპორტში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც კანადის ყალბი ვიზები ჰქონდათ
ფილიპინების აეროპორტში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც კანადის ყალბი ვიზები ჰქონდათ.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის საიმიგრაციო ბიუროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც უწყების წარმომადგენელმა გრიფტონ მედინამ განაცხადა, ქართველები აბუ დაბიდან მანილაში 11 ნოემბერს ჩავიდნენ. ისინი ფილიპინებში ორი დღით გეგმავდნენ დარჩენას, საიდანაც ჯერ ყატარში, შემდეგ აზერბაიჯანში, იქიდან კი კანადაში არალეგალურად ჩასვლას აპირებდნენ.
„ქართველებმა თავდაპირველად თავიანთი თავი ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლებად წარმოადგინეს, რომლებიც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ“, – აღნიშნეს ფილიპინების საიმიგრაციო ბიუროში.
იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მოქალაქეებს ფილიპინების მოქმედი ვიზები ჰქონდათ, საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლებმა მათ განმეორებითი ინსპექტირება ჩაუტარეს, რადგან პასპორტებში არსებულ კანადის ვიზებში დარღვევები შენიშნეს. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ კანადის ვიზები ყალბი იყო. აღნიშნული ინფორმაცია მოგვიანებით დაადასტურა კანადის საელჩომაც.
საქართველოს მოქალაქეები წინასწარი დაკავების დაწესებულებაში გადაიყვანეს. მედიის ცნობით, მათ ფილიპინების საიმიგრაციო კანონმდებლობის დარღვევაში წაუყენებენ ბრალს.