„ფერარის“ ყოფილ პილოტს ედი ირვაინს მიაჩნია, რომ „მერსედესის“ წევრი ლუის ჰემილტონი უფრო მაღალი დონის მრბოლელია, ვიდრე ლეგენდარული გერმანელი მიხაელ შუმახერი. ირლანდიელის თქმით, ბრიტანელი გერმანელს ბოლიდის მართვის თვისებებით აღემატება.
34 წლის ჰემილტონი – მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონია. შუმახერის რეკორდამდე მას ერთი ტიტულის მოპოვება აკლია.
„ჰემილტონი – ყველა დროის საუკეთესო პილოტია, ის გაცილებით უკეთესია, ვიდრე შუმახერი და თუნდაც, აირტონ სენა.
ლუისი ძალიან იშვიათად ხვდება ავარიებში, ის ყველაზე სუფთა მრბოლელია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, იმ დროს, როცა შუმახერმა თავის კარიერაში ბევრი შეცდომა დაუშვა.
რაც შეეხება სისწრაფეს, ამ მხრივ, მიხაელი ერთადერთი იყო. არანორმალურად სწრაფი გახლდათ, არ ყოფილა არავინ, ვისაც შეეძლო მას სისწრაფეში გაჯიბრებოდა. მე მისი თანაგუნდელი ვიყავი, ხანდახან ხელში მეჭირა მისი ტელემეტრიული მონაცემები და უბრალოდ მიკვირდა, როგორ შეიძლებოდა ის ასე სწრაფი ყოფილიყო“, – მოჰყავს ირვაინის სიტყვები ტელეკომპანია RTL-ს.