ფეხბურთის ფედერაცია ახალ სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობს - ჯგუფში უეფა-ს ექსპერტები და პოლონეთის ფედერაციის ექს-გენერალური მდივანი არიან #1TVSPORT
ფეხბურთის ფედერაცია ახალ სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობს - ჯგუფში უეფა-ს ექსპერტები და პოლონეთის ფედერაციის ექს-გენერალური მდივანი არიან #1TVSPORT

საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით „უეფა გროუს“ წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტრატეგიული განვითარების ახალ გეგმას ეცნობიან.

ფეხბურთის ფედერაცის ახალი გეგმის ჩამოყალიბებას იწყებს, რომელიც 4-წლიან პერიოდზე იქნება გათვლილი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. უეფა-ს ექსპერტებთან ერთად ჩამოყალიბდა სამოქმედო გეგმა და განისაზღვრა ის ძირითადი მიმართულებები, რომელიც საქართველოში ფეხბურთის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. მათ შორის, ნაკრები გუნდების, ეროვნული ჩემპიონატის, ქალთა და ბავშთა ფეხბურთის განვითარება, მასობრიობის ზრდა, საფეხბურთო განათლება, ინფრასტრუქტურა და სხვა.

სამუშაო პროცესში სფფ-ის ხელმძღვანელები და პარტნიორი ორგანიზაციები მონაწილეობენ. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს კი წარმოადგენენ „უეფა გროუს“ მენტორი დანიელ ფლეჩერი, სტრატეგიული განვითარების ექსპერტი ოლექს კუჩერევი და სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები – იური სვირიდოვი, შეინ ჯონსი და გრით ბონინგი.

ფედერაციებს შორის გამოცდილების გაცვლის პროექტის ფარგლებში შეხვედრაში მონაწილეობას ასევე იღებს პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანი, მაჩე სავიცკი, რომელიც უეფა-სთან ერთად პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის ახალი სტრატეგიული გეგმის სამუშაო გუნდს ხელმძღვანელობდა.

უეფა-ს ხელშეწყობით, სფფ-ს პირველი სატრატეგიული გეგმა 2016 წელს ჩამოყალიბდა. 2019 წელს კი ფეხბურთის ფედერაციამ საზოგადოებას ახალი ხედვა „მომავლის 11“ წარუდგინა. სტრატეგიის ჩამოყალიბების პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება და განვითარების პროცესში ჩართულები იქნებიან როგორც უეფა-ს ექსპერტები, ისე სფფ-ის პარტნიორები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

დანიელ ფლეჩერი, „უეფა გროუს“ მენტორი:

„საქართველოში ძალიან საინტერესო და შედეგიანი შეხვედრები გვაქვს. ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან დიდი ჩართულობა დავინახეთ და უამრავი საინტერესო იდეა მოვისმინეთ. ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება, წარმოვადგინოთ უეფა-ს ექსპერტების და მოწვეული კონსულტანტების დაგროვილი გამოცდილება. ქართველ საფეხბურთო ექსპერტებთან მუშაობისას, რომლებიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას წარმოადგენენ, ვფიქრობ საინტერესო შედეგის მიღწევას შევძლებთ“.

ოლექს კუჩერევი, „უეფა გროუს“ სტრატეგიული განვითარების ექსპერტი:

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან უკვე დიდი ხანია ვთანამშრომლობთ. ჩემთვის კარგად არის ცნობილი იმ განვითარების შესახებ, რომელზეც ერთად ვმუშაობდით პრეზიდენტთან და მთელ გუნდთან ერთად. საქართველოში მრავალი წარმატებული პროექტი გვაქვს განხორციელებული და ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ამჯერადაც ჩართული ვარ ფედერაციის სტრატეგიული გეგმის განახლების პროცესში“.