ლევან კობიაშვილი - საჭიროა ახალი ხედვა, როგორ უნდა მუშაობდეს ქვეყანაში ფეხბურთი #1TVSPORT
ლევან კობიაშვილი - საჭიროა ახალი ხედვა, როგორ უნდა მუშაობდეს ქვეყანაში ფეხბურთი #1TVSPORT

სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშივლმა კომენტარი გააკეთა ფეხბურთის ფედერაციის სტრატეგიული განვითარების ახალი გეგმის ჩამოყალიბებაზე, რომელიც 4-წლიან პერიოდზე იქნება გათვლილი და რომლის გასაცნობადაც საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით „უეფა გროუს“ წარმომადგენლები იმყოფებიან.

უეფა-ს ექსპერტებთან ერთად ჩამოყალიბდა სამოქმედო გეგმა და განისაზღვრა ის ძირითადი მიმართულებები, რომელიც საქართველოში ფეხბურთის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. მათ შორის, ნაკრები გუნდების, ეროვნული ჩემპიონატის, ქალთა და ბავშვთა ფეხბურთის განვითარება, მასობრიობის ზრდა, საფეხბურთო განათლება, ინფრასტრუქტურა და სხვა.

„უეფა-ს ჩართულობით გვქონდა სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომლითაც დღემდე მოვედით. ახლა კი, სხვა მოცემულობა გვაქვს, სხვა საჭიროებები გაჩნდა როგორც ქვეყანაში ისე ფეხბურთში, შესაბამისად განვითარების შემდგომ ეტაპზე გადავდივართ. დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამას ემსახურება. უეფა-ს წარმომადგენლების ჩამოსვლა ადასტურებს, თუ რამდენად სწორად გავიარეთ ჩვენ ეს პროცესი და რამდენად მნიშვნელოვანია წინასწარ დავგეგმოთ ყველაფერი. უნდა ჩამოყალიბდეს ხედვა თუ როგორ უნდა მუშაობდეს ქვეყანაში ფეხბურთი და როგორ უნდა ჩაერთონ ადამიანები სპორტის ამ სახეობაში“, – განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.

ფედერაციებს შორის გამოცდილების გაცვლის პროექტის ფარგლებში შეხვედრაში მონაწილეობას ასევე იღებს პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანი მაჩე სავიცკი, რომელიც უეფა-სთან ერთად პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის ახალი სტრატეგიული გეგმის სამუშაო გუნდს ხელმძღვანელობდა.

მაჩე სავიცკი:

„პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციისთვის, უეფა-სთან ერთად სტრატეგიული განვითარების გეგმის ჩამოყალიბება, ძალიან სასარგებლო იყო. მოხარული ვარ, რომ შემიძლია მონაწილეობა მივიღო და უეფა-სთან ერთად ჩავერთო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტრატეგიის განვითარების პროცესში. ვხედავ, რომ ყველა აქტიურად არის ჩართული და იცის, რა როლი აქვს ფეხბურთს საქართველოში. განახლებული სტრატეგიაც სწორედ ამისი გამოძახილი იქნება“.