ფეხბურთელი მარიუპოლიდან - „კოლხეთი“ უკრაინელი ლეგიონერით გაძლიერდა #1TVSPORT
ფოთის „კოლხეთი 1913“, რომელიც ძველი პოზიციის დაბრუნებას ცდილობს და ლიგა 3-ის ერთ-ერთი ლიდერია, ორი მოთამაშით გაძლიერდა – ერთი ქართველია, ერთიც – ლეგიონერი.
გუნდმა უკრაინიდან, საომარი მოქმედებების ერთ-ერთი ეპიცენტრიდან, მარიუპოლიდან თავდამსხმელი დაიმატა – „კოლხების“ ფორმით ვლადისლავ სანდრაკ-ვინიცკი „იარუდიდან“ ითამაშებს. ამას გარდა, გუნდმა ლიგა 2-იდან მოკვეთილი ზუგდიდის „დინამოდან“ მარცხენა მცველი გიორგი ახალაძე დაიმატა.
ვლადისლავ სანდრაკ-ვინიცკმა მარიუპოლის გუნდი 15 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე დატოვა. იმ პერიოდში „იარუდი“ მეორე ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებდა და 9 მატჩში მოპოვებული 5 ქულით მე-12 ადგილზე იყო.
ლიგა 3-ში ფოთის „კოლხეთი 1913“-ში სეზონის დაწყებისას კერძო მესაკუთრის ხელში გადავიდა და მიზანი პირველი ქართული გუნდის ჯერ ლიგა 2-ში, შემდეგ კი ეროვნულ ლიგაში დაბრუნებაა.
ამჟამად, „კოლხეთი 1913“ ლიგა 3-ის გათამაშების სატურნირო ცხრილის პირველ სამეულშია. ფოთელები, მე-14 ტურის შეხვედრაში „ფაზისის“ სტადიონზე „ზესტაფონს“ დაუპირისპირდნენ და 2:0 დაამარცხეს. კოლხური გუნდი „გორთან“ და „დინამო თბილისი 2“-თან ერთად, 27-27 ქულით პირველი წრის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ლიდერებს შორისაა.