FBI-ს ანგარიში - მთავრობის მუშაობის შეჩერება კონტრტერორისტულ ოპერაციებსა და სხვა კრიმინალურ გამოძიებებს უშლის ხელს
FBI-ს ანგარიში - მთავრობის მუშაობის შეჩერება კონტრტერორისტულ ოპერაციებსა და სხვა კრიმინალურ გამოძიებებს უშლის ხელს

ე.წ. შათდაუნი კონტრტერორისტული ოპერაციების წარმოებასა და სხვა კრიმინალურ გამოძიებებს უშლის ხელს. ამის შესახებ FBI-ს აგენტებმა სპეციალურად შედგენილ ანგარიშში განაცხადეს.

აგენტების ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მუშაობის შეჩერების გამო, გამოძიების ფედერალური ბიურო რიგ პროცედურებში მნიშვნელოვნად ფერხდება. მათ შორის არის კონტრტერორისტული ოპერაციები, ნარკოტიკებით ვაჭრობასა და სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით არსებული საქმეები.

72-გვერდიან ანგარიშში ათობით კონკრეტული მაგალითი არის მოყვანილი. გამოძიების ფედერალური ბიუროს ანონიმური აგენტების ცნობით, ე.წ. შათდაუნის გამო, აღნიშნული ოპერაციების შესასრულებლად საკმარისი თანხა აღარ არსებობს. თანხის უკმარისობის გამო, საგამოძიებო უწყებები მათ ინფორმატორებთან კონტაქტს და ნარკოდამნაშავეების გამოაშკარავებას ვეღარ ახერხებენ.

ამასთან ერთად, გამოძიების ფედერალური ბიუროს 35 000 თანამშრომელი, მათ შორის 13 სპეციალური აგენტი უკვე ხუთი კვირაა, ანაზღაურების გარეშე მუშაობს.

FBI-ს ანგარიშთან დაკავშირებით აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. შათდაუნი მექსიკის საზღვართან არსებული ვითარების გამო მოქმედებს. დონალდ ტრამპი აღნიშნულ ტერიტორიაზე კედლის ასაშენებლად ბიუჯეტში დამატებით ხუთი მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვს, რასაც დემოკრატები ეწინააღმდეგებიან. უთანხმოების გამო, რიგ დეპარტამენტებს ახალი ბიუჯეტი გაწერილი ჯერ კიდევ არ აქვთ.