ევროპული თამაშები | ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე ფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
პოლონეთში მიმდინარეობს ევროპული თამაშები, რომელშიც სპორტის სხვადასხვა სახეობაში მედლებისთვის იბრძვიან ქართველი სპორტსმენები.
კანოისტებიდან ზაზა ნადირაძემ 200 მეტრზე სპრინტში ყველა მეტოქეს აჯობა და ფინალში, როგორც ლიდერი, იასპარეზებს. გია გაბედავა-მალხაზ ჭინჭარაშვილის წყვილი მე-7 ადგილით ფინალური ასპარეზობის მიღმა დარჩა.
თამაშების გახსნის დღეს შეჯიბრებას აგრძელებდნენ მძლეოსნები. როგორც ვიუწყებოდით, ჩვენი ათლეტები მესამე დივიზიონში ასპარეზობენ და ორი დღის ჯამში 195 ქულით 15 გუნდს შორის მე-7 ადგილზე არიან. უროს ტყორცნაში გოგა ჭიხვარიამ მეორე შედეგი აჩვენა – 62.81მ. მესამე იყო ბადროს მტყორცნელი თემურ აბულაშვილი – 54.08.
სხვა შედეგები. ვაჟები: 1500 მ – თემურ მამედოვი, 4:13.38 (IX ადგ); 110 მ თარჯრბენი – საბა სოსელია, 17.02 (IX); 400 მ თარჯრბენი – ლუკა ყუფუნია, 57.08 (XI); სიგრძეზე ხტომა – ბაჩანა ხორავა, 7.35 (IV).
გოგონები: 800 მ – გაიანე უსტიანი, 2:23.17 (XI); 110 მ თარჯრბენი – ანა სოხაძე, 19.08 (XII); 400 მ თარჯრბენი – ანა სოხაძე. 1:06.84 (IX); ესტაფეტა 4X100 მ – ანა მამაცაშვილი, ნატალი გრიგორიანი, ბელა ჭკადუა, ლიკა ხარჩილავა, 50.88 (VII); სამხტომი – ნატალი გრიგორიანი, 11.01 (IX).
შეჯიბრება 22 ივნისს დასრულდება. ოსვენციმის საწყლოსნო ცენტრში დაიწყო ასპარეზობა მხატვრულ ცურვაში. სამწუხაროდ, საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლია მარია ალავიძე-ანი ყიფიანის წყვილმა.