საქართველოში აშშ-ის საელჩოში, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვეს მიტჩელი საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა დავით ბაქრაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მათ ვეს მიტჩელისგან მიიღეს დაპირება, რომ აშშ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას დემოკრატიულ რეფორმებში და იქნება ამერიკის სტრატეგიულ პრიორიტეტებში.
„ევროპულ საქართველოს“ განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა აქვს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან. სწორედ ამ პარტნიორობის სულისკვეთებით ჩაიარა ამ შეხვედრამ. დღეს ყველა საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები იყო იდენტური. რაც შეეხება თემებს, ორ ძირითად მიმართულებაზე ვისაუბრეთ, ეს არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და დეოკუპაცია, ტერიტორიული მთლიანობა, შეიარაღებული ძალების გაძლიერება და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია, ხოლო მეორე ბლოკი ეხებოდა საქართველოს შიდა პოლიტიკას, დემოკრატიას, ოპოზიციის როლის გაძლიერებას, ქვეყანაში პოლიტიკური დევნის შეწყვეტას, მედიაპლურალიზმს, ანუ იმ თემებს, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს წარმატებული მომავლისთვის“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.