„ევროპული საქართველო“ გიორგი გახარიას პარლამენტში იბარებს
„ევროპული საქართველო“ გიორგი გახარიას პარლამენტში იბარებს

„ევროპული საქართველო“ მამუკა ხაზარაძის განცხადების საფუძველზე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტში იბარებს.

როგორც ხაზარაძემ დღევანდელ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, მან მუქარის წერილი გიორგი გახარიასგან მიიღო.

„დღეს საჯაროდ მოვისმინეთ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში იკვეთება ძალიან მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა უკანონო და სისხლისსამართლებრივი ქმედებებისთვის. ეს ინფორმაცია ასე ვერ დარჩება. ამიტომ, პირველი და სასწრაფო, რასაც „ევროპული საქართველო“ მოითხოვს, არის პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოსვლა და მისგან საჯაროდ პასუხის გაცემა იმ უმძიმეს ბრალდებებზე, რომელიც დღეს მოვისმინეთ.

ასევე შესასწავლია მთელი საქმე, მათ შორის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და მისი მოადგილის, მარეგულირებლის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და სხვა უწყებების როლი იმ უკანონო ქმედებების ორკესტრირებულ ჯაჭვში, რომელსაც ადგილი ჰქონდა „თიბისი ბანკის“ და მისი დამფუძნებლების წინააღმდეგ“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ამ მიზნით, „ევროპული საქართველო“ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს აყენებს.

„ეს არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის თემა, ეს არის თემა, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას, ეს არის თემა, რომელზეც საჯაროდ მოვისმინეთ მაღალი თანამდებობის პირთა უკანონო ქმედებების და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ. ყველა ამ კითხვას აუცილებელია, გაეცეს პასუხი. პასუხის გამცემი და მომკითხავი ვერ იქნება პროკურატურა, რომელიც თავადაც ჩართულია ამ პროცესში და ნულოვანი საზოგადოებრივი ნდობა გააჩნია. თუ ხელისუფლება ოდნავ მაინც მართალია ამ პროცესში და სურთ ამ თემის ჩამორეცხვა, ერთადერთი გზა არის საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. მინდა, მოვუწოდო უმრავლესობას – თუ მათ რამე აქვთ სათქმელი, კომისიის შექმნას წინააღმდეგობა არ გაუწიონ“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მიიღო მუქარის წერილი, სადაც მათი რეპუტაციის დანგრევაზე იყო საუბარი. ხაზარაძე აცხადებს, რომ მუქარის წერილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო.

დატოვე კომენტარი