ევროპელი მიგრანტების შთამომავლები არგენტინის ნაკრებში - მესი იტალიიდანაა, დიბალა პოლონეთიდან #1TVSPORT
საკმარისია არგენტინის ნაკრების შემადგენლობას გადავხედოთ და გასაგები გახდება, თუ რა გავლენა იქონია ევროპულმა იმიგრაციამ ამ ქვეყანაზე. ცხადია, ასეა მათ ეროვნულ ნაკრებშიც.
„ალბისელესტეში“ უმრავლესობა ესპანელთა მემკვიდრეა. მაგალითად, მცველს, ხუან ფოიტის გერმანული ფესვები აქვს. ადოლფო გაიჩის წინაპრები გერმანიდან და სერბეთიდან არიან. უფრო ეგზოტიკური მაგალითებიც არის. პაულო დიბალას გვარი პოლონურ ფესვებზე მიანიშნებს – მისი ბაბუა ბოლესლავ დიბალა არგენტინაში ემიგრაციაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წავიდა. კიდევ ერთი საინტერესო ნახევარმცველია ალექსის მაკალისტერი – კარლოს მაკალისტერის ვაჟი, რომელიც დიეგო მარადონასთან ერთად ნაკრებში თამაშობდა. მას შოტლანდიური ფესვები აქვს.
ფრანკო არმანის, ჰერმან პეზელას და ნიკოლას ტალიაფიკოს ფესვები ასევე ევროპიდანაა. სხვათა შორის, ლიონელ მესის წინაპარი არგენტინაში მე-19 საუკუნის ბოლოს წავიდა. ლეოს დედას, სელია მარია კუჩიტინიც იტალიელია (როგორც გვარი მიუთითებს). მესის მეუღლეს, ანტონელა როკუცოსაც იტალიური გვარი აქვს.
იტალიურმა გაზეთმა Corrierre della Serra-მ მესის რამდენიმე შეკითხვა დაუსვა აპენინებზე მისი წინაპრების მშობლიური ადგილებისა და ცნობილი თანამემამულეების შესახებ – მესიმ აღიარა, რომ მან პირველად გაიგო დასახლებების სახელები. ეს საჩვენებელი მომენტია. არგენტინელებს თავიანთი წარმომავლობა დიდად არ აწუხებთ – საუკუნეზე მეტია მათ აერთიანებთ საერთო ენა, კულტურა და რა თქმა უნდა, ფეხბურთისადმი უდიდესი სიყვარული.