ევროპარლამენტი - რობერტა მეცოლამ ხაზი გაუსვა ევროპარლამენტის მტკიცე ვალდებულებას, უზრუნველყოს ევროკომისიის მომავალი პრეზიდენტის არჩევის პროცესის შეუფერხებლად წარმართვა
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ხაზი გაუსვა პარლამენტის მტკიცე ვალდებულებას, უზრუნველყოს ევროკომისიის მომავალი პრეზიდენტის არჩევის პროცესის შეუფერხებლად წარმართვა, – ამის შესახებ განცხადებას ევროპარლამენტი ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დასრულების შემდეგ აქვეყნებს.
განცხადებაში აღნიშნულია რამდენიმე საკითხი, რომელზეც შეხვედრაზე რობერტა მეცოლამ ყურადღება გაამახვილა.
„ევროპარლამენტის პრეზიდენტების კონფერენცია გასულ კვირას შეიკრიბა ევროპული არჩევნების შედეგების შესაფასებლად. მთავარმა პოლიტიკურმა ჯგუფმა დაადასტურა, რომ მათი წამყვანი კანდიდატი კომისიის მომავალი პრეზიდენტის თანამდებობაზე არის მოქმედი პრეზიდენტი“, – აღნიშნა რობერტა მეცოლამ.
ამასთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ მოქალაქეების უმრავლესობის სურვილია, ფასეულობებისა და უსაფრთხოების დაცვა უმთავრეს პრიორიტეტად დარჩეს.
„ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი უნდა გაგრძელდეს“, – დასძინა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.