„ევრონიუსი“ - ასობით ცნობილი კომპანია ევროკავშირში აკრძალულ, საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს იყენებს
„ევრონიუსი“ - ასობით ცნობილი კომპანია ევროკავშირში აკრძალულ, საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს იყენებს

ასობით ცნობილი კომპანია ევროკავშირის უსაფრთხოების წესებს არღვევს. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

საუბარია საკვების, მედიკამენტების, კოსმეტიკისა და პლასტიკის მწარმოებელ კომპანიებზე, რომელთა დიდი ნაწილი უკვე წლებია, იყენებს ევროკავშირში აკრძალულ და საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს. როგორც გერმანული გარემოსდამცველი ორგანიზაცია „ბუნდის“ მიერ მოპოვებული მასალებიდან ირკვევა, ცნობილი კომპანიები უკვე წლებია, არღვევენ ევროკავშირის კანონმდებლობას.

საქმე ეხება ისეთი ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან დედის მუცელში მყოფ ნაყოფს ან ხშირად იწვევენ ავთვისებიან სიმსივნეს.

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში წარმოებულ პროდუქციაში ყოველ წელს 12-დან 121 მილიონ ტონამდე 41 სხვადასხვა აკრძალულ ქიმიკატს იყენებენ. საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს ინდუსტრიული პროდუქტები, მედიკამენტები, საკვების შესაფუთი მასალა და სათამაშოებიც.

„ევრონიუსის“ ცნობით, სკანდალში ფიგურირებენ ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორებიცაა „ბაერი“, „ექსონმობილი“, „ბიპი“, „მიშელინი“, „ლორეალი“ და სხვები.

დოკუმენტებში დეტალური არის ჩამოთვლილი ის 654 კომპანია, რომლებიც ევროკავშირის წესებს არ ემორჩილებიან. ყველაზე მეტი კანონდამრღვევი კომპანია გერმანიაშია. მას მოსდევს დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და ბელგია.

სკანდალური დოკუმენტები ეხება კომპანიებს, რომლებიც ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში არიან წარმოდგენილები, გარდა მალტისა და ლატვიისა.

დატოვე კომენტარი