ევროკომისია ახალ გეგმას აქვეყნებს, რომლის თანახმად, წევრმა სახელმწიფოებმა ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 15 პროცენტით უნდა შეამცირონ
ევროკომისია ახალ გეგმას აქვეყნებს, რომლის თანახმად, წევრმა სახელმწიფოებმა ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 15 პროცენტით უნდა შეამცირონ

ევროკომისია გაზზე მოთხოვნის შემცირების ახალ გეგმას აქვეყნებს. ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

კერძოდ, ევროკომისია წარადგენს ახალ საკანონმდებლო ინსტრუმენტსა და გაზის მიწოდების შემცირების ევროპულ გეგმას – „დაზოგე გაზი უსაფრთხო ზამთრისთვის“. გეგმა ევროკავშირს გაზის მიწოდების შემცირებისთვის მოამზადებს.

„ევროკავშირი შეეჩეხა რუსეთიდან გაზის მიწოდების შემდგომი შემცირების რისკს, რადგან კრემლი გაზის ექსპორტს იარაღად იყენებს. ამასთან, მიწოდების შემცირება უკვე შეეხო ჩვენი წევრი ქვეყნების თითქმის ნახევარს. ზომების ახლა მიღებამ შესაძლოა, შეამციროს როგორც რისკები, ასევე დანახარჯები ევროპისთვის, შემდგომი ან სრული შეფერხების შემთხვევაში და ამასთან, გააძლიეროს ევროპის ენერგეტიკული გამძლეობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ახალი რეგლამენტით, ყველა წევრმა სახელმწიფომ 2022 წლის პირველი აგვისტოდან 2023 წლის 31 მარტამდე პერიოდისთვის ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 15 პროცენტით უნდა შეამციროს. ბუნებრივი აირის დაზოგვა მოუწევს ყველა მომხმარებელს.

ასევე, ევროკომისია დააჩქარებს მუშაობას მიწოდების დივერსიფიცირებაზე. აღნიშნული მოიცავს გაზის ერთობლივად შესყიდვასაც, რათა გააძლიეროს ევროკავშირის შესაძლებლობა, მოიპოვოს ალტერნატიული გაზის მიწოდების საშუალებები.

ახალი რეგულაცია ასევე შესაძლებლობას მისცემს ევროკომისიას, წევრ ქვეყნებთან კონსულტაციის შემდეგ, გამოაცხადოს მიწოდების უსაფრთხოებაზე „გაფრთხილება“, რაც ყველა წევრს დაავალდებულებს, შეამციროს გაზის მოთხოვნა. ასეთი გაფრთხილება შესაძლოა, გააქტიურდეს, როდესაც იქნება გაზის სერიოზული დეფიციტის რისკი ან განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნა.

წევრმა სახელმწიფოებმა სექტემბრის მიწურულამდე უნდა განაახლონ ეროვნული გეგმები საგანგებო ვითარებასთან დაკავშირებით და წარმოადგინონ, თუ როგორ აპირებენ შემცირებას, ასევე ორ თვეში ერთხელ კომისიას ამ პროგრესის შესახებ ანგარიში წარუდგინონ.

გეგმა ასევე მიმართულია ბუნებრივი აირის საწვავის სხვა ტიპით ჩანაცვლებისკენ.