ევროკავშირში საბრძოლო მასალისა და რაკეტების წარმოების გაზრდის მიზნით შემუშავებული აქტი ძალაში შევიდა
საბრძოლო მასალის წარმოების მხარდაჭერის აქტი (ASAP), რომელიც შემუშავებულია ევროკავშირში საბრძოლო მასალისა და რაკეტების წარმოების გაზრდის მიზნით, ძალაში შევიდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა.
აქტი მიზნად ისახავს, გაზარდოს ევროკავშირის წარმოების შესაძლებლობები საარტილერიო საბრძოლო მასალის, რაკეტებისა და მათი კომპონენტების ამჟამინდელი დეფიციტის აღმოსაფხვრელად.
აღნიშნული დოკუმენტით წარმოდგენილი მიზნების განსახორციელებლად გათვალისწინებულია 500 მილიონი ევროს დაფინანსება.
ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის რეგულაციის პროცედურა 20 ივლისს დასრულდა. როგორც რეგულაციის საბოლოო ვერსიიდან ირკვევა, ის ძალაში 2025 წლის 30 ივნისამდე იქნება.
აქტის თანახმად, წარმოებული საბრძოლო მასალა უკრაინასაც მიეწოდება.