ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი შეათანხმეს, რომელიც რუსული ნავთობის იმპორტის 75 პროცენტის აკრძალვას მოიცავს
ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი შეათანხმეს, რომელიც რუსული ნავთობის იმპორტის 75 პროცენტის აკრძალვას მოიცავს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სამიტის პირველი დღის შემდეგ, გვიან ღამით გამრთულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, შეთანხმების მიხედვით, თავდაპირველად აკრძალვა არ შეეხება მილსადენებით იმპორტირებულ რუსულ ნავთობს.
„ჩვენ გვინდა, შევაჩეროთ რუსული ომის მანქანა და შევწყვიტოთ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების დაფინანსება ისეთი სანქციების განხორციელებით, რომლებიც კრემლზე ზეწოლას მოახდენს. დღეს ევროპულმა საბჭომ შეათანხმა სანქციების მეექვსე პაკეტი. კერძოდ, ის აკრძალავს რუსული ნავთობის იმპორტს, მილსადენებით მიწოდებული ნავთობის დროებითი გამონაკლისით. ზუსტად რომ ვთქვა, სანქციები დაუყოვნებლივად აისახება რუსული ნავთობის იმპორტის 75 პროცენტზე და წლის ბოლოსთვის ეს ზომა შეეხება ევროპაში იმპორტირებული რუსული ნავთობის 90 პროცენტს”, – განაცხადა შარლ მიშელმა.
აღსანიშნავია, რომ სანქციების მეექვსე პაკეტის კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმება უნგრეთის პოზიციის გამო მოხდა, რომელიც ნავთობის იმპორტის აკრძალვას ეწინააღმდეგებოდა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ცნობით, ევროპელი ლიდერები ასევე შეთანხმდნენ რუსეთის უმსხვილესი ბანკის, „სბერბანკის“ SWIFT-ის სისტემიდან გათიშვაზე და კიდევ სამი მსხვილი რუსული სახელმწიფო მაუწყებლის აკრძალვაზე.
„ჩვენ ვიცით, რომ დაგვჭირდა რამდენიმე კვირა, ვიდრე ამ გადაწყვეტილების მიღებას შევძლებდით, თუმცა დღეს ჩვენ გავაგზავნეთ ძალიან ძლიერი სიგნალი, რადგან ბოლო საათებში და ბოლო დღეებში იყო სპეკულაციები ევროკავშირის ერთიანობის ნაკლებობის საფრთხის შესახებ. ვფიქრობ, როგორც არასდროს, ახლა მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია, ვიყოთ ძლიერები, მტკიცენი, რათა დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და ჩვენი ინტერესები“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ცნობით, საბჭომ ასევე დაადასტურა უკრაინისთვის ცხრა მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება, რომელიც ქვეყნის აღსადგენად არის გათვალისწინებული.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, წლის ბოლომდე აკრძალვა რუსული ნავთობის იმპორტის 90%-ს შეეხება, დანარჩენ 10 პროცენტზე მსჯელობას კი, ევროკავშირის ლიდერები რაც შეიძლება მალე დაუბრუნდებიან.
„მოხარული ვარ, რომ ლიდერებმა შეძლეს პრინციპში შეთანხმება სანქციების მეექვსე პაკეტზე. ამის დახმარებით ევროპული საბჭო შეძლებს მიმდინარე წლის ბოლომდე რუსული ნავთობის იმპორტის 90 პროცენტის აკრძალვას. რაც შეეხება დარჩენილი ნავთობის 10 პროცენტს, ჩვენ ამ საკითხს მალე დავუბრუნდებით. ასევე მნიშვნელოვანია პაკეტის სხვა ელემენტები – ეს არის „სბერბანკის“ Swift-დან გათიშვა. „სბერბანკი“ არის უმსხვილესი რუსული ბანკი, რომლის წილი 37 პროცენტია. ასევე, არის აკრძალვა ევროკავშირის კომპანიების მიერ რუსულ ხომალდების დაზღვევაზე, რუსული კომპანიებისთვის ბიზნეს მომსახურების გაწვევა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირში კიდევ სამი რუსული სახელმწიფო მედიასაშუალების მაუწყებლობის შეჩერება“,- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაინმა.