ევროკავშირის ცენტრალური ბანკი მონეტარულ პოლიტიკას არ ამკაცრებს
ევროკავშირის ცენტრალური ბანკი მონეტარულ პოლიტიკას არ ამკაცრებს

ევროკავშირის ცენტრალურმა ბანკმა დღეს მთავარი საპროცენტო გაანკვეთი უცვლელად დატოვა და განაცხადა, რომ განაკვეთი ზაფხულის ჩათვლით არ გაიზრდება. ბანკის განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში, ევროზონის მთავარი საპროცენტო განაკვეთი  გრძლევადიან პერიოდშიც უცვლელი დარჩება.

ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ევრო 0.3 პროცენტით გაუფასურდა. ანალიტიკოსები თვლიან, რომ განაკვეთის უცვლელად დატოვების მიზეზი რეგიონის ეკონომიკის შესუსტებაა.

გასულ თვეში ცენტრალურმა ბანკმა ფორმალურად დაასრულა ე.წ. შერბილებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომელიც 2015 წელს ფინანსური კრიზისით დაზარალებული ევროზონის ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნით დაიწყო. პროგრამის ფარგლებში ევროპის ცენტრალური ბანკი წევრი ქვეყნების სამთავრობო ობლიგაციებს ყიდულობდა და ამით ევროზონის ეკონომიკაში თვეში 15 მილიარდ ევროს დებდა.

სულ პროგრამის ფარგლებში ბანკმა 2.6 ტრილიონი ევროს მოცულობის ფასიანი ქაღალდები შეიძინა. თუმცა, ევროპის ქვეყნებში ამჟამად განვითარებული კრიზისული მომენტების გამო, ბანკმა გადაწყვიტა, ნაწილობრივ ისევ შეინარჩუნოს დახმარების პროგრამა ისე, რომ 2021 წლამდე ფინანსურ ბაზარზე საპროცენტო განაკვეთები არ გაიზარდოს.

როგორც ცნობილია, 2018 წლის ბოლო კვარტალში ევროზონის სამი წამყვანი სახელმწიფოს, გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ეკონომიკის ზრდა შეფერხდა და ინვესტორები შიშობენ, რომ ეკონომიკის რეცესიის რისკები გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკით, გერმანიის ეკონომიკა გასულ წელს მხოლოდ 1.5 პროცენტით გაიზარდა, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია ბოლო ხუთი წლის მანძილზე.

საფრანგეთში. ე.წ ყვითელი ჟილეტების მიერ გასული წლის ნოემბერში საწვავის ფასების ზრდის ირგვლივ აგორებული საპროტესტო ტალღა არ ჩამცხრალა და მთავრობის საწინააღმდეგო პროტესტში გადაიზარდა.

იტალიაში მზარდი საბიუჯეტო დეფიციტი ისევ სერიოზულ გამოწვევად რჩება.

ამ სამი ქვეყნის პრობლემების გამო, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ევროკავშირის ეკონომიკის ზრდის პროგნოზები 2019 და 2020 წლებისთვის შეამცირა და აღნიშნა, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლაც ზრდის რეგიონის ეკონომიკის გამოწვევებს.