ევროკავშირი თურქეთის საარჩევნო კომისიისგან სტამბოლის არჩევნების შედეგების გაუქმების გადაწყვეტილების განმარტებას ითხოვს
ევროკავშირი თურქეთის უმაღლესი საარჩევნო კომისიისგან სტამბოლის არჩევნების შედეგების გაუქმების გადაწყვეტილების განმარტებას ითხოვს.
„უკიდურესად პოლიტიზებულ კონტექსტში მიღებული ამ გრძელვადიანი გადაწყვეტილების დასაბუთება დაუყოვნებლივ უნდა გახდეს ღია საჯარო შესწავლისთვის“, – ნათქვამია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ფედერიკა მოგერინისა და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისრის, იოჰანეს ჰანის განცხადებაში.
ჰანისა და მოგერინის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები აუცილებელია ნებისმიერი დემოკრატიისთვის, ასევე ევროკავშირსა და თურქეთს შორის ურთიერთობებისთვის.
„სტამბოლის საარჩევნო კომისიისთვის მნიშვნელოვანია სამუშაოს დამოუკიდებლად, ღიად და გამჭვირვალედ შესრულების შესაძლებლობის ქონა“, – აცხადებენ ევროპელი კომისრები. ამას გარდა, ისინი საჭიროდ მიიჩნევენ, რომ არჩევნების ორგანიზატორებმა საერთაშორისო დამკვირვებლები მიიწვიონ.
შეგახსენებთ, 6 მაისს თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ გააუქმა სტამბოლის 31 მარტის არჩევნების შედეგები, რომლის თანახმადაც, რეჯეფ თაიფ ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ კანდიდატი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი ოპოზიციონერ კანდიდატ ექრემ იმამოღლუსთან დამარცხდა. განმეორებითი არჩევნები სტამბოლში 23 ივნისს უნდა ჩატარდეს. არჩევნების შედეგები მმართველმა პარტიამ გაასაჩივრა.