ევროკავშირი ჩეჩნეთში დაპატიმრებული უფლებადამცველის, ოიუბ ტიტიევის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს
ევროკავშირი ჩეჩნეთში დაპატიმრებული უფლებადამცველის, ორგანიზაცია „მემორიალის“ გროზნოს ოფისის ხელმძღვანელის, ოიუბ ტიტიევის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას ითხოვს.
ჩეჩნეთის სასამართლომ 18 მარტს ოიუბ ტიტიევს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ტიტიევისთვის გამოტანილი განაჩენი პირდაპირ უკავშირდება მის უფლებადამცველ საქმიანობას. განცხადებაში ევროკავშირი აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არავის უგია პასუხი 2009 წელს ნატალია ესტემიროვას მკვლელობისთვის.
ესტემიროვა უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალის“ ჩეჩნეთის განყოფილების ხელმძღvანელის პოსტზე ტიტიევის წინამორბედი იყო.
ოიუბ ტიტიევისთვის გამოტანილი განაჩენის გამო, შეშფოთება გამოთქვა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისიის ხელმძღვანელმა დუნია მიტოვიჩმაც. მისი თქმით, ეს არის ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში შექმნილი საშიში მდგომარეობის მორიგი მაგალითი.
ოიუბ ტიტიევი 2018 წლის 9 იანვარს ნარკოტიკის შენახვის ბრალდებით დააკავეს. „მემორიალის“ ჩეჩნეთის განყოფილების ხელმძღვანელი ბრალს არ აღიარებს და მის წინააღმდეგ გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ორგანიზაცია „მემორიალში“ აცხადებენ, რომ ტიტიევის წინააღმდეგ მტკიცებულებები ყალბია.
ოიუბ ტიტიევი „მემორიალის“ ჩეჩნეთის ოფისში 2001 წლიდან მუშაობდა, 2009 წელს ნატალია ესტემიროვას მკვლელობის შემდეგ კი, მისი ხელმძღვანელი გახდა. ტიტიევის დაპატიმრების შემდეგ „მემორიალმა“ რესპუბლიკაში მუშაობა შეაჩერა.
ოიუბ ტიტიევი პოლიტპატიმრად მრავალმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ აღიარა. ევროპარლამენტმა რუსეთს მისი გათავისუფლება მოსთხოვა. უფლებადამცველის საკითხი ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც დააყენა.