ევრო 2023 | ბელგიის ნაკრების მწვრთნელი - საქართველოში ჩემპიონატის მოსაგებად და ოლიმპიადის საგზურის მოსაპოვებლად მივდივართ #1TVSPORT
ბელგიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჟაკ მატისენი აცხადებს, რომ მისი გუნდი საქართველოში გასამართი 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის კარგად ემზადება და გულშემატკივრებს წარმატებულ გამოსვლას ჰპირდება.
„ჯგუფურ ეტაპზე წარმატებული გამოსვლა ადვილი არ იქნება, რადგან ტურნირის მასპინძლებს ვეთამაშებით. საქართველოს გარდა, ჯგუფში განსაკუთრებით ძლიერი ნიდერლანდებისა და პორტუგალიის ნაკრებებია. ამ ნაკრებების მწვრთნელები საკუთარ გუნდს ტურნირის ფავორიტებად მიიჩნევენ. წინასწარ ხმამაღალი განცხადებების გაკეთება ჩვენი სტილი არ არის, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ გულის სიღრმეში ჩვენც გვაქვს ეს ამბიცია.
მხოლოდ წარმატების მიღწევაზე ვფიქრობთ. ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება და შემდეგ 2024 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურის მოპოვება გვსურს“, – აცხადებს ბელგიის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი.
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას ბელგიის ნაკრები 21 ივნისს ნიდერლანდებთან ჩაატარებს, შემდეგ იქნება დაპირისპირება საქართველოსა (24 ივნისი) და პორტუგალიასთან (27 ივნისი).