ევგენი პრიგოჟინი ვიდეომიმართვას ავრცელებს - „ვაგნერი“ ატარებს სადაზვერვო, სამძებრო ოპერაციებს, ხდის რუსეთს უფრო დიადს ყველა კონტინენტზე და აფრიკას - უფრო თავისუფალს
რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი აჯანყების შემდეგ სოციალურ ქსელში პირველ ვიდეომიმართვას ავრცელებს. მედიის ცნობით, ვიდეო, სავარაუდოდ, აფრიკაშია ჩაწერილი.
„ვაგნერის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დაჯგუფება აგროვებს ადამიანებს და შეასრულებს დაკისრებულ ამოცანებს.
ვიდეოს თან ახლავს ტელეფონის ნომერი „ვაგნერში“ გაწევრიანების მსურველთათვის.
„ტემპერატურა +50, ყველაფერი ისეა, როგორც მოგვწონს. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ატარებს სადაზვერვო და სამძებრო ოპერაციებს, ხდის რუსეთს კიდევ უფრო დიადს ყველა კონტინენტზე და აფრიკას – კიდევ უფრო თავისუფალს. სამართლიანობა და ბედნიერება აფრიკელი ხალხისთვის“, – განაცხადა პრიგოჟინმა.
შეგახსენებთ, რომ, რუსეთში აჯანყების მცდელობის შემდეგ გავრცელებული ცნობებით, „ვაგნერის“ მებრძოლები და თავად ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში მიემართებოდნენ, სადაც ისინი ბელარუსის სამხედროებს მოამზადებდნენ.