ევგენი პრიგოჟინი – სამშობლოს ღალატთან დაკავშირებით პრეზიდენტი ღრმად ცდება, არ ვაპირებთ ვინმეს მოთხოვნით ჩაბარებას, რადგან არ გვსურს, ქვეყანამ გააგრძელოს კორუფციაში, ბიუროკრატიასა და ტყუილში ცხოვრება
რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს პასუხობს და ღალატის ბრალდებებს უარყოფს. ამის შესახებ მან გავრცელებულ მორიგ აუდიომიმართვაში განაცხადა.
პრიგოჟინი საკუთარ თავსა და „ვაგნერის“ მებრძოლებს სამშობლოს პატრიოტებს უწოდებს და ამბობს, რომ დანებებას არ აპირებს, რადგან არ სურს, ქვეყანამ გააგრძელოს კორუფციაში, ბიუროკრატიასა და ტყუილში ცხოვრება.
„სამშობლოს ღალატთან დაკავშირებით პრეზიდენტი ღრმად ცდება. ჩვენ ჩვენი სამშობლოს პატრიოტები ვართ, ვიბრძოდით, ვიბრძვით და არავინ აპირებს პრეზიდენტის, „ეფესბეს“ ან კიდევ ვინმეს მოთხოვნით ჩაბარებას, რადგან არ გვსურს, ქვეყანამ გააგრძელოს კორუფციაში, ბიუროკრატიასა და ტყუილში ცხოვრება“, – განაცხადა პრიგოჟინმა ჩანაწერში.
ამასთან, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ გარკვეული პირი, რომელსაც ის არ ასახელებს, იპარავს უკრაინასთან ომისთვის გამოყოფილ თანხებს, ისევე როგორც მოიპარა აფრიკისთვის გამოყოფილი ფული.