ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მისმა მებრძოლებმა როსტოვის სამხედრო ობიექტები დაიკავეს, მათ შორის აეროდრომი
ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მისმა მებრძოლებმა როსტოვის სამხედრო ობიექტები დაიკავეს, მათ შორის აეროდრომი

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მისმა მებრძოლებმა როსტოვის სამხედრო ობიექტები დაიკავეს, მათ შორის აეროდრომი. ამის შესახებ მან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

როგორც ვიდეომიმართვაში პრიგოჟინი აღნიშნავს, ის ამჟამად როსტოვში, სამხედრო შტაბში იმყოფება.

„ჩვენ შტაბში ვიმყოფებით. დილის 07:30 საათია. ჩვენი კონტროლის ქვეშაა როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი. თვითმფრინავები, რომლებიც საბრძოლოდ მიემართებიან, განრიგის მიხედვით მუშაობენ. სამედიცინო თვითმფრინავები დაფრინავენ. პრობლემები არ არის. ჩვენ კონტროლი დავამყარეთ, რომ საბრძოლო ავიაციამ დარტყმები განახორციელოს არა ჩვენზე, არამედ უკრაინელებზე. მართვის მთავარი შტაბი საშტატო რეჟიმში მუშაობს. არანაირი პრობლემა არ არის, არცერთი ოფიცერი არ არის მოცდენილი“, – განაცხადა პრიგოჟინმა.

ევგენი პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენერალ ვალერი გერასიმოვისგან როსტოვში ჩასვლას და მასთან შეხვედრას ითხოვს. მისი განცხადებით, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა უკრაინაში დანაკარგების შესახებ ინფორმაციას მალავს.

„ტერიტორიების დიდი ნაწილი დაკარგულია. მოკლული სამხედროები 3-4-ჯერ მეტია იმაზე, ვიდრე ეს ხელმძღვანელობას დოკუმენტებით მიეწოდება. ხოლო ის, რაც მიეწოდება, არის ათჯერ მეტი, ვიდრე ის, რასაც ტელევიზიით აცხადებენ. დღიური სანიტარული დანაკარგი ზოგიერთ დღეს ათასამდე ადამიანს შეადგენს. ეს მოიცავს მოკლულებს, უგზო-უკვლოდ დაკარგულებს, დაშავებულებს და იმათ, ვინც უარს ამბობს ბრძოლაზე, არა იმიტომ, რომ მათ შეშინდათ, არამედ იმიტომ, რომ მათ სხვა გზა არ აქვთ – არ აქვთ საბრძოლო მასალები, არ აქვთ მართვა“, – აცხადებს პრიგოჟინი.

შეგახსენებთ, რომ ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა მისი მებრძოლების ბანაკებზე დარტყმების განხორციელებაში დაადანაშაულა, რასაც თავდაცვის სამინისტრო უარყოფს. პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აპირებს, შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ატარებს ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა“. მისი თქმით, „გაანადგურებს ნებისმიერ თვითმფრინავს და ყველა ბლოკპოსტს, რომელიც გზაზე გადაეღობება“. პრიგოჟინის განცხადებით, მის განკარგულებაში 25 000 მებრძოლი იმყოფება და მოუწოდებს ყველა რუსს, ვისაც მათთან შეერთება სურს, მათ შორის, რეგულარული არმიის სამხედრო მოსამსახურეებს. სამხედრო ამბოხებისკენ მოწოდების ბრალდებით, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.