ესტონეთთან მარცხის მიუხედავად - საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ელიტ-რაუნდში გავიდა #1TVSPOR
2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა გადამწყვეტი შეხვედრა გამართა – გიორგი ჩიტაურის გუნდი ესტონელ თანატოლებს დაუპირისპირდა და მოულოდნელად დამარცხდა.
ბიჩკეში გამართულ მატჩში საქართველოს ნაკრები უპირატესობას ფლობდა და მეტოქეზე მეტი საგოლე მომენტი შექმნა. მაგრამ ანგარიში დმიტრი ჯეპიჰინმა გახსნა, რომელმაც ესტონელები 33-ე წუთზე დააწინაურა და შესვენებაზე გუნდები ისეთი ანგარიშით გავიდნენ, რაც ჩვენს გუნდს არაფრით აწყობდა.
71-ე წუთზე ჩვენი გუნდი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. 17-წლამდელთა ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა გივი ხაჩიძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, მოედნიდან გააძევეს და 10 მოთამაშით დარჩენილმა საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა.
საბოლოოდ, შეხვედრა ესტონელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ამდენად, ჩვენი გუნდისთვის გადამწყვეტი იყო პარალელურად მიმდინარე შეხვედრის ანგარიში, სადაც ისლანდია მასპინძელ უნგრეთს შეხვდა და მატჩი ჩვენთვის სასურველი ანგარიშით, 0:0 დაასრულა.
შედეგად, ჯგუფში პირველი ადგილი ესტონეთის ნაკრებმა მოიპოვა 6 ქულით, რაც მინი-ტურნირის დიდი სენსაციაა. მეორე ადგილზე 4-4 ქულით საქართველო და უნგრეთი არიან, მაგრამ რადგან პირად შეხვედრაში საქართველომ უნგრეთი 1:0 დაამარცხა, ელიტ-რაუნდში ჩვენი ნაკრები გავიდა.
შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო რაუნდის ბოლო მატჩში, ჩვენი 17-წლამდელების გუნდი ისლანდიას დაუზავდა 1:1, მეორე ტურში მასპინძელი უნგრეთი 1:0 დაამარცხა და ესტონეთთან 0:1 დამარცხდა.