ესპანური მედიის ცნობით, აივ ინფექციის წამლებმა ესპანეთში COVID-19-ით დაავადებული პაციენტი განკურნა
ესპანური მედიის ცნობით, აივ ინფექციის წამლებმა ესპანეთში COVID-19-ით დაავადებული პაციენტი განკურნა

ახალი კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი სამხრეთ ესპანეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაავადებისგან აივ ინფექციის წამლებით განიკურნა. ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი იუწყება.

ქალაქ სევილიის ვირხენ-დელ-როსიოს საუნივერსიტეტო საავადმყოფო COVID-19-ის წინააღმდეგ ექსპერიმენტულ სამკურნალო საშუალებებს სცდიდა. ჰოსპიტალის ცნობით, შედეგები საკმაოდ შემაგულიანებელია. El Pais-ის ცნობით, წამალმა წარმატებით განკურნა 62 წლის მიგელ ანხელ ბენიტესი, რომელიც ესპანეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი იყო.

ექსპერტების განცხადებით, მათ გამოიყენეს აივ-შიდსის სამკურნალო მედიკამენტებისა და ანტირეტროვირუსულ საშუალება ლოპინავირ-რიტონავირის კომბინაცია ინტერფერონ ბეტასთან ერთად. ეს უკანასკნელი გახლავთ ცილა, რომელიც უჯრედებს ინფიცირებისგან იცავს.

მადრიდის რამონ-ი-კახალის ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფოს ხელმძღვანელის, სანტიაგო მორენოს განცხადებით, SARS-CoV-2-ის (დაავადება COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის ოფიციალური სახელი) პროტეაზა (ფერმენტების ჯგუფი, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ცილების ან პოლიპეპტიდების დაშლაში) ძალიან ჰგავს აივ ინფექციისას.

მისივე თქმით, ეს ფერმენტი ვირუსის რეპლიკაციისთვის გადამწყვეტია და ლოპინავირ-რიტონავირის კომბინაცია აჩერებს და ბლოკავს აივ ინფექციას.

„კორონავირუსების წინააღმდეგ მისი გამოყენებისას ჩვენ მიერ მიღებული შედეგები შემაგულიანებელია“, — ამბობს მორენო.

ესპანელ მეცნიერთა განცხადებით, მართალია, შედეგებმა მოგვცა ახალი კლინიკური მტკიცებულება, რომელიც შეგვიძლია ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ გამოვიყენოთ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა პაციენტის ორგანიზმი ამ საშუალებას იგივენაირად შეეპასუხება.

ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის პროფესორ გრაჰამ კუკის განცხადებით, თუკი აივ-ის ამ წამლებმა პოზიტიური შედეგები ფართო მასშტაბით აჩვენა, სწრაფად უნდა მოხდეს პაციენტებში ამ საშუალებებით მკურნალობის დაწყება, რადგან ისინი უკვე ხელმისაწვდომია.

„არსებობს გარკვეული ლაბორატორიული მტკიცებულებები, რომ აივ-ის ზოგიერთი პრეპარატი ასევე აქტიურია SARS-CoV-2-ის წინააღმდეგ; წარსულში ამ პრეპარეტების გამოცდა ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის (MERS) წინააღმდეგაც მიმდინარეობდა“, — ამბობს პროფესორი კუკი.

მისი განცხადებით, პრეპარატ „კალეტრას“ (ლოპინავირ-რიტონავირის ბრენდული სახელი) რამდენიმე კვლევის ფარგლებში სწავლობენ, მაგრამ შედეგები ჯერ არ გვაქვს. როგოც იგი აღნიშნავს, თუკი აივ-ის წამლებმა ეფექტი აჩვენა, მთავარი უპირატესობა ის იქნება, რომ ეს პრეპარატები უკვე არსებობს და მათი მიწოდებაც სწრაფად იქნება შესაძლებელი.

გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის პაციენტთა სამკურნალოდ ამავე საშუალებას იყენებენ ვირუსის ეპიცენტრის, ქალაქ უხანის საავადმყოფოებშიც. თუმცა, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, მწირია მტკიცებულებები მათი ეფექტიანობის შესახებ.

მომზადებულია El Pais-ის metro.co.uk-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი