ესპანეთში კარანტინის პირობები გამკაცრდა
ესპანეთში კარანტინის პირობები გამკაცრდა

ესპანეთში კორონავირუსის გამო კარანტინის პირობები გამკაცრდა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა. როგორც ცნობილია, ესპანეთში იმ კომპანიების თანამშრომლები, რომელთა მუშაობაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის, ორი კვირის განმავლობაში სახლებში დარჩებიან.

პედრო სანჩესის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტის საგანგებო შეხვედრის დროს მიიღეს.

საერთაშორისო მასშტაბით ესპანეთი იტალიის შემდეგ მეორე ქვეყანაა, სადაც კორონავირუსის შედეგად ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა. თუმცა, როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ფატალური შემთხვევების მატების პარალელურად, შემცირდა ახალი ინფიცირებულების რაოდენობა. მინისტრის განმარტებით, ეპიდემია პიკს უახლოვდება.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, ესპანეთში ახალი ტიპის კორონავირუსის 72 248 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ვირუსს 5 812 ადამიანი შეეწირა. განკურნება კი, ამ დრომდე 12 285-მა ადამიანმა შეძლო.