საპროტესტო აქციები საფრანგეთში – „მოამბე“ პარიზიდან
საფრანგეთი მასშტაბური სოციალური პროტესტის წინაშე – პარიზში მთავარი ტურისტული ობიექტები დახურეს, დაიხურა მაღაზიებიც.
უკვე რამდენიმე საათია, მთელ ქვეყანაში გაფიცულია საჯარო სექტორის ნაწილი, ეროვნულ გაფიცვას თან ერთვის მასობრივი საპროტესტო გამოსვლები პარიზსა და არაერთ ქალაქში. პროფკავშირების და ახალგაზრდული მოძრაობების მიერ დაორგანიზებულ აქციებში მონაწილეობის მისაღებად ქუჩაში არიან გამოსულები სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები: 17-18 ოქტომბრის მოვლენების თავიდან ასაცილებლად და საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები, რომლებიც გუშინ პირადად საფრანგეთის პრეზიდენტთან შეთანხმდა. დედაქალაქსა და სხვადასხვა ქალაქში სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზებაა. აქციები პოლიციასთან პერმანენტული შეტაკებების, გზების გადაკეტვის და სკოლების შენობების ბლოკირების ფონზე მიმდინარეობს. ყველაზე მძიმე ვითარებაა პარიზში, ლიონსა და მარსელში. გაფრთხილებაა, რომ ყველა ძალადობრივ ქმედებას უმკაცრესად გაეცემა პასუხი. სასკოლო რეფორმა, კლასებში გადატვირთულობის პრობლემის მოგვარება, პენსიების და ხელფასების ზრდა, საცხოვრებელი ხარჯების შემცირება, მომავალი წლის ბიუჯეტის შეცვლა: ასეთია მოთხოვნები, რომლებიც ქუჩაში გასულ 10 ათასობით მოქალაქეს აერთიანებს. პარიზში მთავარი აქცია ცოტა ხნის წინ რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და ერის მოედანზე გრძელდება.
საყოველთაო გაფიცვა და 70 000 პოლიციელი ქუჩაში – პარიზს და ლევან ახალაიას ვრთავთ პირდაპირ ეთერში.