ესპანეთის ანკლავ სეუტაში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მიგრაციის კრიზისის მოგვარების მოთხოვნით აქცია გამართეს
ესპანეთის ანკლავ სეუტაში ასობით ადგილობრივმა მცხოვრებმა მიგრაციის კრიზისის მოსაგვარებლად გადაწყვეტილებების მოთხოვნით აქცია გამართა.
აქციის მონაწილეები კონსტიტუციის მოედანზე შეიკრიბნენ, ლოზუნგით „კმარა, სეუტა არ დანებდება“.
აქციას შეუერთდნენ ესპანეთის ანკლავის ოთხი რელიგიური თემის – ქრისტიანული, მუსლიმური, ებრაული და ინდუიზმის მიმდევართა თემების წარმომადგენლები, ასევე პროფკავშირებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ ესპანეთის დროშები აღმართეს და სეუტის ჰიმნი შეასრულეს.
„სეუტას არ შეუძლია, მარტო გაუმკლავდეს ვითარებას, რომელიც მის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად აღემატება და რომელიც მთლიანად ესპანეთსა და ევროპას ეხება. სწორედ ამიტომ, ამ მშვიდობიანი, სამოქალაქო შეკრებით, ესპანეთის მთავრობას, ევროპულ ინსტიტუტებსა და ყველა საჯარო უწყებას მოვუწოდებთ, სასწრაფოდ მიიღონ ზომები იმ რეალობის მოსაგვარებლად, რომლის წინაშეც ჩვენი ქალაქი დგას“, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.
ესპანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, 30 ივლისს მაროკოდან სეუტაში ზღვითა და ხმელეთით 72 ათასამდე მიგრანტი უკანონოდ გადავიდა. მასობრივი გადასვლისას ათობით ადამიანი დაიღუპა. ამას წინ უძღოდა რამდენიმე კვირის განმავლობაში მიგრანტების შედარებით მცირე ნაკადები.
მიგრანტების უმეტესობა მაროკოში დაბრუნდა, თუმცა სეუტაში ასობით არასრულწლოვანი დარჩა, რომლებიც თანმხლები პირების გარეშე იმყოფებოდნენ.