ესპანეთის ანდალუსიის რეგიონულ პარლამენტში ულტრამემარჯვენე, პოპულისტურმა პარტია Vox-მა 12 ადგილი მოიპოვა, რაც ისტორიული შედეგია
ესპანეთის ანდალუსიის რეგიონულ პარლამენტში ულტრამემარჯვენე, პოპულისტურმა პარტია Vox-მა 12 ადგილი მოიპოვა, რაც ისტორიული შედეგია

ესპანეთის ანდალუსიის რეგიონულ პარლამენტში ულტრამემარჯვენე, პოპულისტურმა პარტია Vox-მა 12 ადგილი მოიპოვა. 1975 წელს, სამხედრო დიქტატურის დასრულების შემდეგ, ეს ულტრამემარჯვენე პარტიის პირველი საარჩევნო წარმატებაა ესპანეთში.

ანტიმიგრაციული და ანტიისლამური პლატფორმით, პარტია Vox-მა ანდალუსიის კოალიციური მთავრობის ფორმირებაში შესაძლოა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. მმართველმა სოციალისტურმა პარტიამ 109 ადგილიან ანდალუსიის რეგიონულ ასამბლეაში 33 მანდატი მიიღო, 17 კი ულტრამემარცხენე პარტია Podemos-მა.

ანდალუსიის რეგიონი ესპანეთის მასშტაბით ყველაზე ხალხმრავალია, სადაც ასევე ყველაზე მაღალია უმუშევრობის მაჩვენებელი. სწორედ ანდალუსიაში ჩადის აფრიკიდან ჩასული მიგრანტების დიდი ნაწილი.

2014 წელს დაფუძნებული პარტიის ლიდერები არ ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ ულტრამემარჯვენე პლატფორმა აქვთ და აცხადებენ, რომ ეს არის „უკიდურესი საჭიროების“ პარტია, ვიდრე ექსტრემისტული. პარტია კატალონიის სეპარატიზმს ეწინააღმდეგება და ესპანეთის ევროკავშირის წევრობის აქტიური მხარდამჭერია, რაც ევროპის მასშტაბით სხვა პოპულისტური თუ ულტრამემარჯვენე მოძრაობებისგან განასხვავებს. პარტიის მისწრაფებაა „გავხადოთ ესპანეთი კვლავ დიადი“, რაც კრიტიკოსების შეფასებით, ნაციონალისტური იდეოლოგია და ფრანსისკო ფრანკოს დიქტატურაში დაბრუნებაა.