ესპანელი ფეხბურთელი ხოსე ანტონიო რეიესი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
ესპანელი ფეხბურთელი ხოსე ანტონიო რეიესი ავტოკატასტროფაში დაიღუპა

ესპანეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ხოსე ანტონიო რეიესი ავტოკატასტროფაში დაიღუპა, იტყობინება ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC).

რეიესმა საფეხბურთო კარიერა მშობლიურ „სევილიაში“ დაიწყო, შემდეგ კი, 2004 წელს, ლონდონის „არსენალში“ გადავიდა, სადაც 2007 წლამდე თამაშობდა.

გარდა ამისა, მას ორჯერ ჰქონდა მოგებული ევროპა ლიგა მადრიდის „ატლეტიკოსთან“, სამჯერ კი „სევილიასთან“ ერთად.

მას ასევე აქვს გატარებული რამდენიმე სეზონი „რეალ მადრიდში“, „ბენფიკაში“, „ესპანიოლსა“ და „კორდობაში“, 2018 წელს ჩინურ „სინცზიან ტიანშან ლეოპარდში“ გამოდიოდა, ბოლოს კი „ექსტრემადურაში“ ირიცხებოდა.

გასულ წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეიესი „არსენალში“ მთავარი მწვრთნელის, უნაი ემერის თანაშემწედ აპირებდა დაბრუნებას.

ესპანური გამოცემა „მარკა“ იტყობინება, რომ საბედისწერო შემთხვევა სევილიის პროვინციის ქალაქ უტრერაში მოხდა და რეიესთან ერთად მისი ბიძაშვილიც დაიღუპა.

ფეხბურთელი 35 წლის იყო.