ავტოკატასტროფის მომენტში რეიესი 237 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა
ავტოკატასტროფის მომენტში რეიესი 237 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა

ცნობილი გახდა ავტოკატასტროფის დეტალები, რომლის შედეგად დაიღუპა „სევილიასა“ და „არსენალის“ ყოფილი ფეხბურთელი ხოსე ანტონიო რეიესი.

როგორც გამოცემა „მუნდო დეპორტივო“ იტყობინება, ავტოავარიის მიზეზი საბურავის დაზიანება გახდა. სპეციალისტების გამოთვლებით, კატასტროფის მომენტში რეიესის „მერსედეს-ბენც S550“ საათში 237 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა. ტრასის იმ მონაკვეთში კი დაშვებული სიჩქარე 120 კმ/სთ-ს უდრის. მანქანა ტრასიდან გადავარდა, გადატრიალდა და დაიწვა.

ავარია 1 ივნისს მოხდა. რეიესთან ერთად, ავტომობილში მისი ბიძაშვილები – ჯონათან რეიესი და ხუან მანუელ კალდერონი ისხდნენ. სამივე დაიღუპა: რეიესი და ჯონათანი ავარიის ადგილზე, ხუან მანუელი კი საავადმყოფოში, სხეულის 60 პროცენტის დამწვრობის გამო.