ერთა ლიგა | ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში საქართველოს კონკურენტად არ მიიჩნევენ #1TVSPORT
ერთა ლიგა | ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში საქართველოს კონკურენტად არ მიიჩნევენ #1TVSPORT

ბულგარული და ჩრდილოეთ მაკედონიის მედია დარწმუნებულია, რომ ერთა ლიგაზე ამ ორი ქვეყნის ნაკრებია ფავორიტი და ჯგუფიდან გასასვლელად სწორედ ისინი იბრძოლებენ, საქართველოს ნაკრებს კი ანგარიშში არც თვლიან.

შეგახსენებთ, რომ უეფა-ს შტაბბინაში გამართულ წილისყრაზე, ერთა ლიგის C ლიგის „დ“ ჯგუფში ამ ქვეყნის ნაკრებები საქართველოსთან და გიბრალტართან მოხვდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ბულგარელი მწვრთნელი იასენ პეტროვი წილისყრით კმაყოფილია, ბულგარული მედია პირველი ადგილისთვის მთავარ კონკურენტად ჩრდილოეთ მაკედონიას ასახელებს.

 

ბულგარული მედია: მაკედონიასთან სასტიკი ბრძოლები გველის

„ბულგარეთს საინტერესო მეტოქეები ჰყავს. მათგან ყველაზე სერიოზული ჩრდილოეთ მაკედონიაა. ბულგარეთს „გიჟური დერბი“ ამ გუნდთან ელის. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მაკედონიამ ევრო 2020-ზე ითამაშა, მსოფლიო ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩსაც გამართავს და ერთა ლიგის ჯგუფშიც პირველ ადგილისთვის იბრძოლებს“, – წერს Top Sport.

 

მაკედონიური მედია: ბულგარეთი, როგორც დამატებითი მოტივაცია

ჩრდილოეთ მაკედონიაშიც იმავეს ფიქრობენ, რაშიც გამოცემა sportmedia-ში გამოქვეყნებული წერილი დაგარწმუნებთ.

„დამატებითი მოტივაცია გვექნება აღმოსავლელი მეზობლის წინააღმდეგ და ვიცით, რატომაც. ამ დროისთვის ბულგარეთთან 7 მატჩი ჩავატარეთ, ორი მოგება, ერთი ფრე და 4 წაგება გვაქვს. მაგრამ ყველა ეს შეხვედრა წარსულში ვითამაშეთ. საქართველოსთან მატჩში ჩვენ ვიცით, როგორ მოვიქცეთ, როგორც გასული წლის ნოემბერში, როცა ის თავის მოედანზე დავამარცხეთ და ევრო 2020-ზე ადგილის მოპოვება მოვახერხეთ. ამ გუნდთან სამი მატჩი ჩავატარეთ, ერთი გამარჯვება და ორი ფრე გვაქვს, საქართველოსთან არ წაგვიგია. გიბრალტარი ჩვენთვის პრობლემა არ უნდა იყოს. აქამდე ორი მატჩი ჩავატარეთ და ორი გამარჯვება მოვიპოვეთ. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ჩრდილოეთ მაკედონიას, თუ ისე ითამაშა, როგორც მას შეუძლია, ამ ჯგუფში პირველი ადგილის იმედი ექნება“, – ეს ნაწყვეტია გამოცემა sportmedia-ში გამოქვეყნებული წერილიდან.

ასეთი დამოკიდებულება ერთი მხრივ შეურაცხმყოფელია, მაგრამ მეორე მხრივ მეტოქის დაუფასებლობა ყოველთვის ისჯება და იმედია, ციკლის ბოლოს საქართველოს ნაკრები ამას მოახერხებს.