ეროვნული ბანკი - ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 606 მილიონი ლარით შემცირდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის პირველი დეკემბრისათვის 35.75 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 605.99 მლნ ლარით, ანუ 1.67%-ით ნაკლებია პირველი ნოემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე.
ანგარიშის თანახმად, ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 398.39 მლნ ლარით, ანუ 2.53%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 207.60 მლნ ლარით, ანუ 1.01%-ით შემცირდა.
ეროვნული ბანკის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისთვის 39.50 პროცენტი შეადგინა. პირველი ნოემბრის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.29 პროცენტული პუნქტით.
ამასთან, სებ-ის მონაცემებით, ნოემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 5.35% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.71%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 0.82%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.17%, ხოლო ევროს წილმა 15.41% შეადგინა.