ეროვნული ბანკი – ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 606 მილიონი ლარით შემცირდა

13:09, 28.12.2021

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის პირველი დეკემბრისათვის 35.75 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 605.99 მლნ ლარით, ანუ 1.67%-ით ნაკლებია პირველი ნოემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე.

ანგარიშის თანახმად, ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 398.39 მლნ ლარით, ანუ 2.53%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 207.60 მლნ ლარით, ანუ 1.01%-ით შემცირდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისთვის 39.50 პროცენტი შეადგინა. პირველი ნოემბრის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.29 პროცენტული პუნქტით.

ამასთან, სებ-ის მონაცემებით, ნოემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 5.35% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.71%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 0.82%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.17%, ხოლო ევროს წილმა 15.41% შეადგინა.

მსგავსი