სომხეთში პირველ მაისს ოპოზიციის საპროტესტო აქცია დაიწყო. სომხური მედიის ინფორმაციით, ოპოზიციური ძალების შეკრების ადგილი ქვეყნის დედაქალაქ ერევანში მდებარე საფრანგეთის მოედანია, სადაც დემონსტრანტები უკვე მივიდნენ.
ერევანში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა, რადგან ამ უკანასკნელებმა მოსკოვიანის ქუჩისა და მაშტოცის გამზირის კვეთა გადაკეტეს. გავრცელებული ცნობით, საფრანგეთის მოედანზე ოპოზიცია კარვების გაშლას გეგმავს და 2 მაისს, დილის 08:30 საათიდან დაუმორჩილებლობის აქცია დაიწყება.
საპროტესტო აქციაში მონაწილეობენ სომხეთის მეორე პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, საპარლამენტო ფრაქციის „მაქვს პატივი“ ხელმძღვანელი არტურ ვანეციანი და სხვა ოპოზიციური ძალები. სომხური მედია წერს, რომ დაუმორჩილებლობის აქციას სომხეთის მესამე პრეზიდენტი სერჟ სარქისიანიც შეუერთდება.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ხელისუფლების ცვლილებაა.
„ვიწყებთ ძალაუფლების ჩამორთმევის პროცესს: ეს არ არის ძალაუფლების ხელში ჩაგდება. ეს არის სომხეთის ღირსეული მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება, გამოვიდნენ საბრძოლველად და სომხეთის, არცახის, სომეხი ხალხის სახელით ჩამოაცილონ თურქეთის ქვეშევრდომები ხელისუფლებას. არ უნდა იყოს არავითარი მოძრაობა. მოვუწოდებ ჩვენს თანამემამულეებს და სტუდენტებს, ხვალიდან დაიწყონ გაფიცვები. ბოდიშს ვუხდი იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დისკომფორტს ვუქმნით, მაგრამ ეს დღეების საქმეა. უახლოეს დღეებში ჩვენ დავიტანჯებით, გავუძლებთ გაჭირვებას, აღმოვჩნდებით პოლიციის განყოფილებებში, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ამის შემდეგ სომხეთში სუფევს სოლიდარობა, სამართლიანობა, თავისუფლება, ერთიანობა“, – განაცხადა სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ოპოზიციური ფრაქცია „ჰაიასტანის“ წევრმა, იშხან საგატელიანმა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, აქციის მონაწილეები საფრანგეთის მოედანზე ღამის განმავლობაშიც რჩებიან.