ერევანში აქციის მონაწილეებმა სამთავრობო შენობების ბლოკირება დაიწყეს [ვიდეო]
ერევანში აქციის მონაწილეებმა სამთავრობო შენობების ბლოკირება დაიწყეს [ვიდეო]

ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს გენერალური პროკურატურისა და რამდენიმე სამინისტროს შენობები აქვთ ბლოკირებული – ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

კერძოდ, პროკურატურის გარდა, დემონსტრანტები იმყოფებიან საგარეო საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების, კულტურის, დიასპორის, ტრანსპორტის სამინისტროების შენობებთან. აქციის ორგანიზატორი, პარტია „ელქის“ ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი თავის მომხრეებს მოუწოდებს, სახელმწიფო დაწესებულებების ყველა შესასვლელი და გასასვლელი გადაკეტონ.

ამასთან, ფაშინიანი მხარდამჭერებს კატეგორიულად მოუწოდებს, ძალა არ გამოიყენონ და აქციამ მშვიდობიანი ხასიათი შეინარჩუნოს.

ფაშინიანი მომხრეებს საღამოს 18:30 საათზე ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებს.

ცოტა ხნის წინ ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთში ხავერდოვანი რევოლუციის დაწყების შესახებ განაცხადა და მხარდამჭერებს ერევანსა და სხვა ქალაქებში სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებისკენ მოუწოდა. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის კანდიდატურის წარდგენას აპროტესტებენ. სარგსიანის კანდიდატურის განხილვა პარლამენტში ამ წუთებში მიმდინარეობს.