ექსპერტი გიორგი ჩიკვაიძე აცხადებს, რომ ნივთიერება, რომელიც შესაძლოა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მოასხეს, სიცოცხლისთვის სახიფათოა
ექსპერტი გიორგი ჩიკვაიძე აცხადებს, რომ ნივთიერება, რომელიც შესაძლოა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მოასხეს, სიცოცხლისთვის სახიფათოა

სურსათის უვნებლობის საკითხებში ევროკომისიის მეორე კატეგორიის ექსპერტი, ექიმი-ვეტერინარი გიორგი ჩიკვაიძე აცხადებს, რომ ნივთიერება „ACD ფრაქცია 2”, რომელიც შესაძლოა, გუშინ პარლამენტის სხდომათა დარბაზში მოასხეს, სიცოცხლისთვის სახიფათოა.

„ACD ფრაქცია 2”, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებმა 40-იან წლებში შექმნეს, შეიცავს ადაპტოგენებს, რასაც ნებისმიერი ცოცხალი უჯრედი სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გამოიმუშავებს. ამ ნივთიერებას პრეპარატს ვერ დავარქმევ, რადგან „ACD ფრაქცია 2“ არის არათუ რეგისტრირებული, არამედ აკრძალული ნივთიერება ყველა ქვეყანაში. მას არ გააჩნია ფონი, არც ვიტამინია, არც ანტიბიოტიკი, არის გაურკვეველი სტიმულატორი. როდესაც ვეტერინარიის დეპარტამენტში ვმუშაობდი, არაერთი მომართვიანობა იყო, რომ ადამიანები ამას თვითნებურად სვამდნენ და ჰქონდათ გვერდითი მოვლენები. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ დეტალური კვლევა ჩაგვეტარებინა. ეს პრეპარატი არის ადაპტოგენების და მისნაირი ნივთიერებების ნაკრები. ადაპტოგენებს ნებისმიერი ცოცხალი უჯრედი გამოიმუშავებს სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე. ეს არის მასტიმულირებელი ნივთიერება, ასე ვთქვათ, ბოლო გაბრძოლებისთვის, რომ იქნებ როგორმე ეს უჯრედი გადაარჩინოს. გამოირჩევა ძალიან მაღალი სენსიტიურობით. მისი ყველაზე მძიმე მახასიათებელია ჰიპერალერგიულობა. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც აქვს უამრავი ალერგენი, როდესაც ამას შეისუნთქვას ან კანზე მოხვდება, ამან შეიძლება გამოიწვიოს არა ჩვეულებრივი ალერგიული რეაქცია, არამედ ანაფილაქსიური შოკი და ლეტალური შედეგიც კი“, – განაცხადა ექსპერტმა.

მისი თქმით, „ACD ფრაქცია 2” გასული საუკუნის 40-იან წლებში ძირითადად, სამხედროებისთვის გამოიყენებოდა, რაც მათ ტკივილის შეგრძნებას უკარგავდა.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში გუშინ, სესიის დროს დეპუტატებმა მძაფრი სუნი იგრძნეს. როგორც დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, დარბაზში ორი ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა და გაურკვეველი​ ნივთიერება შეიტანა. დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის ინფორმაციით, მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც სხდომათა დარბაზში ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ.

ამასთან გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც შესაძლოა, პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების გამოყენება იყოს ასახული.

პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების შეტანაზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

ამასთან, დეპუტატები აცხადებენ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში დღესაც მძაფრი სუნი იგრძნობა.