ექსკლუზივი | ლაშა გუჯეჯიანი - შავდათუაშვილის გამარჯვება ქართული ძიუდოს ისტორიის უპრეცედენტო ფაქტია #1TVSPORT
ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ლაშა პირველი სპორტსმენია ქართული ძიუდოს ისტორიაში, ვინც ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ოქროს მედლები მოიპოვა.
ძიუდოს ნაკრების მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა საქართველოს პირველ არხთან შავდათუაშვილის ბრწყინვალე გამოსვლის შესახებ ისაუბრა.
„ეს გამარჯვება ქართული ძიუდოს ისტორიის უპრეცედენტო ფაქტია, რადგან ლაშა შავდათუაშვილი პირველი ქართველია ვინც ჯერ ოლიმპიური, შემდეგ ევროპის და დღეს უკვე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ამ დონის სპორტსმენისგან ყოველთვის მაქსიმუმის მოლოდინია და მომავალშიც ყოველთვის მაქსიმუმი დაიგეგმება.
დღეს ტატამზე იყო სრულიად ჯანმრთელი და მოტივირებული ლაშა შავდათუაშვილი და ჩემთვის სამაგალითოდ მან ამ ყველაფერს ძალიან ლამაზად გაართვა თავი.
ლაშას ეს წარმატება გუნდისთვის ერთგვარი მოტივაციაც იყო, გუნდი ანთებულია, ამ გამარჯვებით ძალიან მაგარი საქმე გაკეთდა, ბიჭებმა უფრო მეტად ირწმუნეს და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ კიდევ გავახარებთ ქართველ გულშემატკივარს.“
ტურნირზე ხვალ საქართველოსთვის მედლების მოპოვებას ტატო გრიგალაშვილი (81კგ) და ლუკა მაისურაძე (81კგ) შეეცდებიან.