ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა სავარაუდოდ ძალიან კარგია და კომპანიის პრესრელიზში ვაქცინის ეფექტიანობის შესახებ ინფორმაცია არ იყო ზუსტი
ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა სავარაუდოდ ძალიან კარგია და კომპანიის პრესრელიზში ვაქცინის ეფექტიანობის შესახებ ინფორმაცია არ იყო ზუსტი

აშშ-ის პრეზიდენტის მთავარი სამედიცინო მრჩეველი, ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ „ასტრაზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ალბათ, ძალიან კარგია. ამასთან, მან აღნიშნა, რომ კომპანიის პრესრელიზი ვაქცინის ეფექტიანობის შესახებ მთლად ზუსტ ინფორმაციას არ შეიცავდა. ამის შესახებ ენტონი ფაუჩიმ ტელეკომპანიას „ეიბისის“ გადაცემაში „დილა მშვიდობისა, ამერიკა“ ისაუბრა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ეს მოხდა. ეს ნამდვილად, როგორც თქვენ უწოდებთ, არაიძულებითი ხარვეზია, რადგან ფაქტი მდგომარეობს იმაში, რომ ეს ალბათ ძალიან კარგი ვაქცინაა. ამგვარი საკითხები ნამდვილად იწვევს გარკვეულ ეჭვებს ვაქცინასთან დაკავშირებით და შესაძლოა, ხელს უწყობდეს ყოყმანს“, – განაცხადა ფაუჩიმ.

„ასტრზენეკას“ ვაქცინა აშშ-ში ჯერ არ არის დამტკიცებული. 22 მარტს კომპანიამ გამოაქვეყნა პრესრელიზი, რომლის თანახმადაც ვაქცინის ეფექტიანობა 79%-ია კორნავირუსისგან დასაცავად, ხოლო მძიმე შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის პრევენციისთვის მისი ეფექტიანობა 100%-ს შეადგენს.

თუმცა, მოგვიანებით, დამოუკიდებელმა ჯგუფმა, მონაცემთა და უსაფრთხოების მონიტორინგის საბჭომ, რომელსაც ევალება კომპანიის საცდელი მონაცემების მონიტორინგი, აცნობა ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნულ ინსტიტუტს, რომ ის შეშფოთებლია პრესრელიზში მოყვანილი მონაცემების გამო, რადგან ისინი შესაძლოა, ვაქცინის ეფექტიანობის შესახებ „არასრულ“ სურათს იძლეოდეს.

„მათ მიიჩნიეს, რომ პრესრელიზში მოყვანილი მონაცემები იყო გარკვეულწილად მოძველებული, შესაძლოა, ყოფილიყო ცოტათი შეცდომაში შემყვანი და მათ სურდათ, რომ მათ ეს გაესწორებინათ“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

ამის შემდგომ, ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნულ ინსტიტუტმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც კომპანიას მონაცემების რაც შეიძლება მალე გადახედვასა და განახლებას ურჩევს.