ბანგლადეშში ტანსაცმლის ათობით ფაბრიკა დაიხურა, მუშები ხელფასების გაზრდას ითხოვენ
ბანგლადეშში, ტანსაცმლის წარმოების მთავარ ცენტრებში, ხელფასების გაზრდის მოთხოვნით მუშების გაფიცვის გამო, ათობით ფაბრიკა დაიხურა. სავარში, აშულიასა და გაზიპურში მდებარე საწარმოო ობიექტებიდან მუშაობა თითქმის 150-მა შეწყვიტა.
ტანსაცმლის წარმოება ბანგლადეშის ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორია. ინდუსტრია ყოველწლიურად დაახლოებით 40 მილიარდი დოლარის საექსპორტო შემოსავალს ქმნის და ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ს შეადგენს.
გაფიცული მუშები მინიმალური ყოველთვიური ხელფასის 30 000 ტაკამდე (დაახლოებით 182 დოლარამდე) გაზრდას ითხოვენ. ამჟამად ქვეყანაში მინიმალური ყოველთვიური ანაზღაურება 12 500 ტაკას (დაახლოებით 100 დოლარს) შეადგენს. დასაქმებულების განცხადებით, ცხოვრების გაძვირების ფონზე ეს თანხა საარსებო ხარჯების დასაფარად საკმარისი არ არის.
ბანგლადეშის ტანსაცმლის ინდუსტრიაში დაახლოებით ოთხი მილიონი ადამიანია დასაქმებული. ქვეყანაში ტანსაცმელს ისეთი მსხვილი საერთაშორისო ბრენდებისთვის აწარმოებენ, როგორებიცაა H&M, Primark და Zara.
მზა ტანსაცმლის ექსპორტის მოცულობით ბანგლადეში მსოფლიოში მეორე ადგილზეა ჩინეთის შემდეგ. არსებობს შეშფოთება, რომ გაფიცვებისა და საწარმოების მუშაობის შეფერხების გაგრძელებამ შესაძლოა, გავლენა იქონიოს საერთაშორისო შემსყიდველებზეც.