აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.
ამერიკელი დიპლომატი ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო მისიით იმყოფება, რათა წარადგინოს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ შეთავაზებული გეგმა ღაზაში ომის დასასრულების თაობაზე.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მოგვიანებით ისრაელის თავდაცვის მინისტრთან, იოავ გალანტთანაც გამართავს შეხვედრას.
ბლინკენის განცხადებით, „ჰამასი“ ერთადერთი მხარეა, რომელიც წარდგენილ შეთანხმებას არ დათანხმდა. შეთანხმება კი მოიცავდა მძევლების გათავისუფლებასა და მოლაპარაკებების დაწყებას საბრძოლო მოქმედებების დასრულების მიზნით.
როგორც „როიტერი“ წერს, თავის მხრივ, „ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა მედიას განუცხადა, რომ ბლინკენის კომენტარი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ „მიკერძოებული იყო ისრაელის მიმართ“.
ენტონი ბლინკენის თქმით, ის ასევე შეხვდება იორდანიისა და კატარის ლიდერებს, სადაც განიხილავს ღაზის სექტორის მართვისა და აღდგენის გეგმებს.
ენტონი ბლინკენისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა სახელმწიფო დეპარტამენტმაც.
„სახელმწიფო მდივანმა პრემიერ-მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევის შესახებ პოსტკონფლიქტური პერიოდის დაგეგმვის მიზნით და ხაზი გაუსვა ამ ძალისხმევის მნიშვნელობას გრძელვადიანი მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად როგორც ისრაელელების, ასევე პალესტინელებისთვის“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.