მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ენდი მარეიმ გამოთქვა იმედი, რომ მიმდინარე სეზონში მოასწრებს ერთეულთა თანრიგში თამაშს. ბრიტანელის სიტყვები მოჰყავს „დეილი მეილს“ (Daily Mail).
„იმედი მაქვს, წელს გარკვეულ ეტაპზე შევძლებ დაბრუნებას და ერთეულებში თამაშს. ძალიან დაინტერესებული არ ვარ იმით, რომ წინასწარ დავასახელო დაბრუნების თარიღი და რაღაცნაირად შევზღუდო საკუთარი თავი დროში, რადგან დღეს კმაყოფილი ვარ იმით, როგორც მიდის ჩემი საქმეები. ასე რომ, მე არ მჭირდება ერთეულებში თამაში უიმბლდონზე ან ამერიკის ღია პირველობაზე. თუ შევძლებ ერთეულების მატჩის ჩატარებას ამ სეზონში, შესანიშნავი იქნება, თუ არა, მაშინ უბრალოდ უფრო მეტი დრო დამჭირდება.
ჯერჯერობით, წინ პატარა ნაბიჯებით მივიწევ. თავს კარგად ვგრძნობ, არანაირი ტკივილი არ მაწუხებს, სიამოვნებას ვიღებ ვარჯიშებისგან და დღითი დღე სპორტულ ფორმას ვიუმჯობესებ. წინ კიდევ ბევრი სამუშაო მაქვს იმისთვის, რომ ისევ ვიყო კონკურენტუნარიანი ერთეულებში. ჯერჯერობით, რამდენჯერმე შევძელი გავარჯიშება ერთეულთა მატჩებში, უიმბლდონის კორტებზე ვითამაშე ფრენსის ტიაფოსთან, აგრეთვე რამდენიმე საწვრთნელი გათამაშება მქონდა ჩემს მწვრთნელთან. ადრეც მქონია ამგვარი პრაქტიკა, მაგრამ თითქმის არ ვინძრეოდი კორტზე, უფრო მათ ვამოძრავებდი. ასე რომ, სრულფასოვნად ერთეულებში ჯერ არ მითამაშია. იმედია, უიმბლდონის შემდეგ შევძლებ ამას“.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო კვირას მარეი პირველ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს 2019 წლის ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ. ბრიტანელი ლონდონის ტურნირის წყვილებში გამოვა ესპანელ ფელისიანო ლოპესთან ერთად.