ენდი მარეი 2022 წლის სეზონში გამომუშავებულ სრულ საპრიზო თანხას უკრაინელ ბავშვებს გადასცემს - მათ დასახმარებლად ბრიტანელმა ჩოგბურთელმა Unicef-თან თანამშრომლობა დაიწყო #1TVSPORT
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ენდი მარეიმ გამოაცხადა, რომ 2022 წლის სეზონის დარჩენილ ნაწილში საჩოგბურთო ტურნირებზე გამომუშავებულ თანხას მთლიანად უკრაინის დახმარებისთვის გამოიყენებს. იმის გათვალისწინებით, რომ ამ მომენტისთვის მარეიმ წლევანდელ სეზონში 200 ათასი ფუნტი გამოიმუშავა, წლის ბოლოსთვის უკრაინისთვის განკუთვნილმა თანხამ, შესაძლოა, 500 ათასს მიაღწიოს.
მარეის დახმარება მხოლოდ ფულის გადაცემით არ შემოიფარგლება. ბრიტანელი ჩოგბურთელი Unicef UK-სთან ერთიანდება და პირადად იქნება ჩართული უკრაინელი ბავშვების დახმარების საქმეში.
ენდი მარეი ამ კვირას ინდიან უელსის „მასტერსზე“ იწყებს თამაშს. აი, რა განაცხადა მან ტურნირის წინ: „უკრაინაში ომის გამო, 7.5 მილიონ ბავშვს საფრთხე ემუქრება ამიტომაც ვმუშაობ იუნისეფ-თან ერთად, რათა მივაწოდო მათ სასწრაფო მედიკამენტები და უმცროსი ასაკის ბავშვების განვითარებისთვის განკუთვნილი კომპლექტები. მათ არ უნდა შეწყვიტონ განათლების მიღება, ამიტომაც იუნისეფი მუშაობს იმაზე, რომ უზრუნველყოს დევნილი ბავშვების სწავლა-განათლება“.